ქალაქში დეპრესიული ფონია – ბექა ...რაც დრო გადის, ყოველ 13 მაისს სულ უფრო და უფრო ვრწმუნდებით, რომ საოცრად გაგვიმართლა ცხოვრებაში. გაგვიმართლა, რომ ფაქტობრივად დაბადებიდანვე, თანდაყოლილ რეფლექსად თბილისის „დინამოს“ გულშემატკივრობა გვერგო. მხოლოდ ჩვენ არა – მთელ ჩვენს თაობას, ჩვენზე უფროს თაობას და მომდევნოსაც…

ეს დაახლოებით იგივე იყო, რასაც დღეს ბარსელონაში დაბადებული ადამიანი „ბარსას“ მიმართ განიცდის, ან მიუნხენელი – „ბაიერნისადმი“. ჩვენი უსაყვარლესი „დინამოს“ სტადიონიც ივსებოდა პირთამდე, როცა თბილისის „დინამოს“ რიგითი თამაში ჰქონდა. ამიტომაც მივიჩნევთ თავს ბედნიერ ადამიანებად და რომ შეგვეძლოს, ყოველდღე მოვყვებოდით ჩვენს იმდროინდელ განცდებს.

ამიტომაც საჭიროდ ჩავთვალეთ, ამ საყვარელ თარიღთან დაკავშირებით „სარბიელის“დიდი მეგობრის, დღეს ძალიან პოპულარული მწერლის, ბექა ქურხულის მოთხრობა – გახსენება გამოგვექვეყნებინა, რომელიც იმდროინდელი ბავშვების ერთ-ერთ კერპს, ვლადიმერ გუცაევს მიეძღვნა

ჩემო გურამ!

ძალიან ბევრზე მსურს გელაპარაკო, მაგრამ იმედი მაქვს რომ მალე პირადად გნახავ და მაშინ მოგიყვები ყველაფერს. ახლა ერთი თხოვნა მაქვს მინდა გუნდში დავბრუნდე შენთან ერთად. რაც შეიძლება მოკლე დროში, ხვალვე ჩამოდი და გთხოვ, რომ ოცდაექვსში ბოლო საკონტროლო თამაშში მიიღო მონაწილეობა. ამას გთხოვ მე და ამას გთხოვს ახალი მწვრთნელი სოლოვიოვი. პირველი რაც მან თქვა ეს იყო, რომ გურამი და შოთა გუნდში თუ არ დაბრუნდებიან მე ვერ ვიმუშავებო.

ახლა რაღა ბევრი გავაგრძელო, ჩემო გურამ შენს სახლში, ცხინვალში ვწერ ამ წერილს დედაშენის და მამაშენის თანდასწრებით. მივიღებ ჩვენი ძმობის დასტურად შენს ხვალ თბილისში ჩამოსვლასა და „დინამოში“ თამაშის დაწყებას. გურამ ცხოვრებოვს. შენი ძმა შოთა იამანიძე.

20.03.67 ცხინვალი.

დემიკო ლოლაძის წიგნიდან, „შოთა იამანიძე“

თბილისის „დინამოში“ ოსი ფეხბურთელების თამაშს დიდი ხნის ისტორია აქვს და ცალკე ამბავია. მიშა პირაევი, ანდრო ზაზროევი, რომელიც ლეგენდარულ 35 სკოლაში, ერთადერთი გამოესარჩლა, ჯერ კიდევ მაშინ ყველასთვის უცნობ მიხეილ მესხს, რომელსაც ეჩხუბებოდნენ უკან რატომ არ ჩამოდიხარო: – „როდის იყო თქვე შობელძაღლებო არაა, სნაიპერი ტყვია წამალსა თვითონ ეზიდებოდაო!“ ზაურ კალოევი, რომელიც გივი ჩოხელთან, სლავა მეტრეველთან და მიხეილ მესხთან ერთად, მეოთხე ფეხბურთელი იყო საქართველოდან, 1960 წლის ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა მოედანზე არ გამოსულა. გურამ ცხოვრებოვი, ვლადიმერ გუცაევი, ბახვა თედეევი…

მაგრამ ვლადიმერ გუცაევი ამათში ყველაზე ტიტულოვანი, გამორჩეული ნიჭის და გაქანების ფეხბურთელი იყო. განსაკუთრებული იღბალი დაჰყვა. შეიძლება ბევრს არც ახსოვს, რომ 70-80-იანი წლების ვარსკვლავური შემადგენლობიდან ყველაზე დიდხანს, 1971-1986 წლებში, ანუ თხუთმეტი სეზონი ითამაშა თბილისის „დინამოში“ და ყველაზე მნიშვნელოვანი გოლებიც გაიტანა, „ლივერპულთან“ 1979 წლის ჩემპიონთა თასზე თბილისში, თასებს თასის მეოთხედფინალში „ვესტ ჰემთან“ ლონდონში, ნახევარფინალში „ფეიენოორდთან“ და ბოლოს ფინალში „კარლ ცეისთან“. და ახლა 13 მაისს, ამ ფინალის დღეს როდესაც აგერ უკვე 35 წელია, მთელს საქართველოს ახსენდება კოტე მახარაძის ხმა: „შენგელია აბვიოლ, ადნავო, ვტაროვა, გუცაევ!.. უდარ!.. გოლ! გოოლ! გუცაევ, ვალოდია, მალადეც!“ და ამის მერე, მატჩის დამთავრებამდე 3 წუთით ადრე, ოჩამჩირელი აფხაზი ბიჭის, ვიტალიკა დარასელიას ფანტასტიური სლალომი, ცაციათი შეგდებული და მერე, ყიფოს მხრებზე გაჩერებული ბურთი, მე სულ სხვა, თუ არ ვცდები, გუცაევის ბოლო თამაში გამახსენდა თბილისის „დინამოში“

ვლადიმერ გუცაევის კარიერის დასაწყისი, „დინამოს“ კრიზისს დაემთხვა. თუმცა ამ კრიზისს, მალე ვარსკვლავური აღმაფრენა მოჰყვა 1976-დან 1982 წლამდე და თასების თასის აღებიდან მეორე წელს, ამავე გათამაშების ნახევარფინალში, ერიკ გერეტსის ლიეჟის „სტანდარტთან“ დამარცხებით, ვიტალი დარასელიას ტრაგიკულად დაღუპვით და დავით ყიფიანის ფეხბურთიდან ნაადრევად წასვლით დასრულდა. ამის შემდეგ, 1983 წლიდან თბილისის „დინამოში“ და ქართულ ფეხბურთში დაიწყო კრიზისი, რომელიც დღევადელი კატასტროფით დამთავრდა.

მაშინ კი 1985 წელს, ეს მორიგი კრიზისი გვეგონა და ალაგ-ალაგ გამონათებებით გულმოცემულები მაინც იხტიბარიანად ვიყავით. ვლადიმერ გუცააევი კი თავის კარიერას ამთავრებდა და უკვე მოგებული ჰქონდა ყველაფერი, რისი მოგებაც თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელსა და ნახალოვკაში გაზრდილ ოს ბიჭს შეეძლო. ის ამ გუნდის ლეგენდა და თილისმა გახდა.

იმ სეზონზე „დინამოში“ ნოდარ ახალკაცი დაბრუნდა და თითქოს რაღაცას ავფართხალდით. მეხუთე ადგილზე გავედით, მაგრამ ეს ის არ იყო. ალექსანდრა ჩივაძეს, თენგიზ სულაქველიძეს და რამაზ შენგელიას ასაკი დაეტყოთ, გუცაევი სულ უფრო და უფრო ხშირად იჯდა სათადარიგო სკამზე, ახალგაზრდები კი ვერა ქაჩავდნენ, მუშტაეთის ბაღის ძველ გულშემატკივრების ხმები დადიოდა, მაგათ რა უნდა ითამაშონ ანაშას ეწევიანო.

ვლადიმერ გუცაევი – ფეხბურთელი ...მოკლედ 1985 წელი იყო და ერთ წვიმიან დღეს, ოღონდ ეგ აღარ მახსოვს გაზაფხულის წვიმა იყო თუ შემოდგომისა, ზაფხულისა ნაღდად არ იყო და ზამთრისა ხომ აღარ და აღარ, დნეპროპეტროვსკის „დნეპრს“ ვეთამაშებოდით. ეს ის დნეპროპეტროვსკის „დნეპრი“ აღარ იყო, სულ რამდენიმე წლით ადრე სადაც დავიჭერდი სულ 5:1 რომ ვუგებდით. 1983 წელს სწორედ იმ სეზონზე, ჩვენ რომ კინაღამ უმაღლესი ლიგიდან გამოვვარდით, პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და მერეც 6 სეზონი მესამე ადგილს აღარ ჩამოსცილებია, 1988 წელს კი ისევ მოიგო ჩემპიონატი. იმ წელსაც ძალიან მაგარ ფორმაში იყო და აი ამ „დნეპრს“ გადაეყარა, ეს ჩვენი დაბერებული და განახევრებული თბილისის „დინამო“…

უკრაინული საფეხბურთო სკოლა მოგეხსენებათ, კიევის „დინამოდან“ და ვალერი ლობანოვსკიდან დაწყებული, დნეპროპეტროვსკის „დნეპრით“ და დონეცკის „შახტიორით“ დამთავრებული, თავისი ფიზიკური მონაცემებით და მომზადებით იყვნენ გათქმულები. ტექნიკითაც არავის ჩამოუვარდებოდნენ და ახლაც კენტავრებივით დაჭენაობდნენ „დინამო“ სტადიონზე და წვიმდა.

მეორე ტაიმის შუა წელი იყო, 1:0-ს გვიგებდნენ და მთელი თამაში მაგათ მიჰყავდათ, რამდენჯერმე სასწაულით გადავრჩით.

Почему знаменитый футболист тбилисского «Динамо» не перешел в ...ოლეგ პროტასოვი, ვლადიმერ ლიუტიი, ოლეგ ტარანი ისე დაშხუოდნენ ჩვენი სტადიონის მწვანე გაზონზე, კოკისპირული წვიმისგან დამდგარ გუბეებზე რომ გაირბენდნენ, წყლის ლაწალუწის ხმა ტრიბუნებზე ამოდიოდა. თბილისის „დინამოს“ ძველი და დიდი ბანდიდან, მოედანზე ალექსანდრე ჩივაძე, თენგიზ სულაქველიძე და რამაზ შენგელიაღა იყვნენ და ისევ მაგათ ეჭირათ თამაში… მახსოვს როგორ ცდილობდა შენგელია თავისზე ორჯერ მაღალ მცველებს დასტყდომოდა, ცენტრში სიბრაზისგან და დაღლილობისგან ქაღალდისფერდადებული ალექსანდრე ჩივაძე იდგა, რომელიც მარჯვენა კაპიტნის სამკლაურიან ხელს „დნეპრის“ კარისკენ მთელ სიგრძეზე იშვერდა, განუწყვეტლივ რაღაცას ყვიროდა და როგორც ყოველთვის გავეშებული, სიბრაზისგან სახემოქცეული თენგიზ სულაქველიძე, რომელიც მხარს თუ ჩაუდგამდა, იქვე აჩერებდა უკრაინელ ფეხბურთელებს, ჯანით ვერ ჯაბნიდნენ, მაგრამ სისწრაფეში უჭირდა. თან ძალიან დაიღალნენ. ამ სამ ბებერ გვარდიელზე იდგა მთელი გუნდი და ამათაც არაქათი გამოეცალათ. ვლადიმერ გუცაევი კი მთელი ტაიმნახევარი სათადარიგო სკამზე იჯდა და წვიმდა, ცა ფეხად ჩამოიღვარა ისე წვიმდა. დნეპროპეტროვსკელ ფეხბურთელებს კი დაღლის არაფერი ეტყობოდათ, აწყვეტილები დარბოდნენ და მაგრად გვაწვებოდნენ. (გაგრძელება იხილეთ 16 მაისს)

ბექა ქურხული