ტამი აბრაჰამი შიშობს, რომ თუ პრემიერლიგაში თამაშები მალე განახლდება, ის თავის ასთმიან მამას კორონავირუსს მიუტანს.
აბრაჰამი ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ის ამბობს, რომ თუ უსაფრთხოების გარანტიას მისცემენ, მზად არის ხვალვე ჩაიცვას „ჩელსის” მაისურა და მოედანზე გავიდეს.
იმავე აზრისაა 22 წლის ფეხბურთელის მამა, ენტონიც. მას ძალიან უნდა, მისი ვაჟი მოედანს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს, მაგრამ ფაქტი, რომ ასთმიანები covid 19-ით დაავადების შემთხვევაში მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან, ფაქტად რჩება.
ტამი აბრაჰამი: „მამაჩემს ასთმა სჭირს. თუ მე პრემიერლიგის თამაშებში ჩავებმები და, ღმერთმა დამიფაროს, კორონავირუსი შემეყრება, ეს იქნება უარესი, რაც შეიძლება ცხოვრებაში გადამხდეს.
მოედანზე დაბრუნება ძალიან მინდა, მაგრამ ასთმიანი მამის გამო covid 19-ის განსაკუთრებით მეშინია. არ მინდა ინფიცირებულმა კონტაქტი ვიქონიო მასთან.
თუ უსაფრთხოების გარანტიებს მომცემენ, მაშინ ვითამაშოთ, მაგრამ დაავადებისგან დაზღვეულები უნდა ვიყოთ.
მამამ კარგად იცის, რომ ერთი სული მაქვს, როდის დავბრუნდები მოედანზე. ის ჩემი უდიდესი ფანია და პირიქით, მაქეზებს. მშობლები ხომ ჩვენი ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან. აგერ, პრემიერლიგის შეფებმა და მთავრობამაც გადაწყვიტეს, რომ ჩემპიონატი უნდა განვაახლოთ… თუ უსაფრთხოების მყარ გარანტიებს იძლევიან, მზად ვარ”.
აბრაჰამმა თავისი სადარდებელი თანაგუნდელებს „ზუმით” მოწყობილ გუნდურ შეკრებაზე გაუზიარა, სადაც მწვრთნელმა, ფრენკ ლემპარდმა ყველას თავისი პრობლემის შესახებ საუბრისკენ მოუწოდა.
სხვათა შორის, ბოლო დროს გაძლიერდა მოსაზრება, რომ თავდაპირველად დათქმული თარიღი, 12 ივნისი, ნაადრევია და არ არის გამორიცხული „პროექტის განახლება” გადადონ.
აბრაჰამი „რესტარტში” ჩართვის ერთ-ერთ ვარიანტად ოჯახიდან გასვლას, ცალკე დასახლებას და ერთხანს მამის არ-ნახვასაც კი განიხილავს.
„გადაწყვეტილება ძნელი მისაღებია. ეს ის საკითხია, რომელზე ფიქრმაც აგერ უკვე ექვსი თუ შვიდი კვირაა დამღალა. რას ვიზამ თუკი პრემიერლიგა მართლა დაბრუნდება? მართალი გითხრათ, ახლა ამ კითხვაზე პასუხს ვერც კი გაგცემთ.
ერთი ვარიანტია სადმე სასტუმროში დავსახლდე და ჩემი ოჯახისგან თვითიზოლაცია გამოვაცხადო”, — თქვა აბრაჰამმა.
რამდენადაც უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ინგლისური მედია წერს, რომ ბრიტანეთის მთავრობის სტატისტიკის შესაბამისად, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები კორონავირუსისგან თეთრებზე ხშირად კვდებიან.
აბრაჰამი: „მართალი გითხრათ, ამაზე ბევრი არ მიფიქრია, მაგრამ ზოგადად ვიცი, რომ ინგლისურ საზოგადოებაში ყველა რისკის წინაშე დგას. კორონავირუსი ნებისმიერს შეიძლება შეეყაროს. ჩემთვის დღეს ყველაზე დიდი პრობლემა პრემიერლიგის აღდგენაა. დღედაღამ ვფიქრობ, როდის იქნება მოედანზე დაბრუნება ყველაზე უსაფრთხო. უბრალოდ, მინდა რომ ჯანმრთელი ვიყო”.