„ბარსელონას” კაპიტანმა ლეო მესიმ თქვა, რომ covid 19-ის გამო შინ ჯდომა გაუჭირდა, მაგრამ ახლა ენთუზიაზმით არის სავსე.
მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო მოთამაშე ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელსაც შინ ეზო აქვს და ეს მას ფორმის შენარჩუნებაში ძალიან დაეხმარა.
„ფიზიკურად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, — თქვა მან კატალონიურ გამოცემებთან, „სპორტთან” და „მუნდო დეპორტივოსთან” ინტერვუში, — მთელი კარანტინის განმავლობაში ეზოში ვვარჯიშობდი და ვფიქრობ ამან ფორმა შემანარჩუნებინა. ჩაკეტილში ცხოვრება ძნელი იყო, მაგრამ ბავშვებთან და ანტონელასთან ყოფნით გული ვიჯერე. ოჯახთან ურთიერთობამ ყველაფერი გადამატანინა”.
მესი არ გამორიცხავს, რომ იძულებითმა შეჩერებამ ფეხბურთზე შეიძლება კარგად იმოქმედოს.
„შესაძლოა დასვენება წაგვადგეს კიდეც, მაგრამ დავიცადოთ. ჯერ ვნახოთ, შეძლებენ თუ არა სეზონის განახლებას, და თუ შეძლეს, მაშინ გამოჩნდება, როგორ შევხვდებით ან როგორ შეგვეძლო შევხვედროდით თამაშებს.
ვარჯიში რასაკვირველია პირველი ნაბიჯია დაბრუნების გზაზე, ოღონდ ზედმეტი თავდაჯერება და არხეინობა არ არის საჭირო. უსაფრთხოების ზომები აუცილებლად უნდა დავიცვათ და ასე შევეგებოთ იმ დღეს, როდესაც სამწუხაროდ მაყურებლის გარეშე, მაგრამ შეხვედრები განახლდება.
პირადად მე ერთი სული მაქვს როდის დავბრუნდები მოედანზე.
ყველამ კარგად ვიცით, რომ მაყურებლის გარეშე თამაში ძალიან ცუდია. აგრეთვე, ძნელი იქნება ოჯახებთან განშორება და ბაზაზე ცხოვრება. ბუნებრივია, ყველას ოჯახთან გვინდა ყოფნა, მაგრამ ჯობს მოთმინება მოვიკრიბოთ და ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი”.
„ბარსელონას” ეკონიმიკური მდგომარეობა პანდემიამ რასაკვირველია შეარყია, ფეხბურთელებს დაუქვითეს ხელფასები, მაგრამ როგორც კი სეზონის განახლებაზე დაიწყეს ლაპარაკი, ესპანეთის ჩემპიონთან მყისვე არაერთი სახელი დააკავშირეს. როგორც ჩანს, „ბლაუგრანა” სატრანსფერო აქტივობაზე უარის თქმას მაინც არ აპირებს.
მესი: „რაც შეეხება ტრანსფერებს, კლუბში არის ხალხი, რომელიც წყვეტს რა იქნება „ბარსელონასთვის” კარგი და რა არა. ერთი კი ფაქტია, დღევანდელ სიტუაციაში შესაძლებლობები შეკვცილია და ამიტომ, ძირითადად, არსებულის დახვეწაზე მოგვიწევს მუშაობა”.
ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანი, ვის სახელსაც „ბარსელონასთან” აკავშირებენ, გახლავთ 32 წლის არგენტინელი თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი, რომელიც ამჟამად „ინტერში” თამაშობს.
„არ ვარ დარწმუნებული, რომ მასთან რაიმე მოლაპარაკებები მართლა მიმდინარეობს, — თქვა მესიმ, — თუმცა ლაუტარო შესანიშნავი თავდამსხმელია, რაც არაერთხელ მითქვამს. ის სრულყოფილია: ათლეტური, კარგი დრიბლიორი, გოლის ალღოთი, იცის როგორ შეინარჩუნოს ბურთი… აი, „ბარსელონაში” გადმოვა თუ არა, ამას ვერც მასზე გეტყვით და ვერც სხვა ფეხბურთელებზე. დავიცადოთ და ვნახოთ”.
და ბოლოს, ერთი ხნის წინ მესიმ თქვა, რომ „ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს, რაშიც მწვრთნელი კიკე სეტიენი საჯაროდ არ დაეთანხმა.
მესი: „ეჭვი არასდროს შემპარვია ჩვენი გუნდის ძალაში. ახლაც ვფიქრობ, რომ „ბარსელონას” შეუძლია მოიგოს ყველა ის შეჯიბრება, რომელშიც მონაწილეობს, მაგრამ არა ისე, როგორც აქამდე ვთავმაშობდით.
კაცმა რომ თქვას, ყველას თავისი შეხედულება აქვს და ნებისმიერი მოსაზრება პატივსაცემია.
ჩემი შეხედულება გამოცდილებას ეფუძნება. მე ცხოვრებაში გამიმართლა, ყოველ წელიწადს ჩემპიონთა ლიგაში ვმონაწილეობდი და ვიცი, რომ ისეთი ფეხბურთით, როგორსაც აქამდე ვთამაშობდით, მოგება შეუძლებელია.
შეიძლება სეტიენმა ჩემი ნათქვამი სწორად ვერ გაიგო”.