„დიდი მუზარადის“ 16-გზის ჩემპიონები წყვილთა შორის ბობ და მაიკ ბრაინები ტყუპები არიან. 42 წლის ძმებმა, მხოლოდ ახლახანს გაარკვიეს, რომელია მათ შორის უფროსი.
„ბობი უფროსია. ეს რამდენიმე თვის წინ გავიგეთ. დეკემბერში, ჩემი ქორწილის წინ მომიხდა ჩემი ძველი დაბადების დღის მოწმობის აღება, სადაც ეწერა, რომ ტყუპებიდან მეორე ვარ. დავინტერესდი, დამატებით 25 დოლარი გადავიხადე, რომ ბობის საბუთებიც მენახა და ის უფროსი აღმოჩნდა. არადა, ყველაფერი პირიქით გვეგონა, რადგან მე უფრო ძლიერი და სწრაფი ვარ,“ – თქვა მაიკმა.
ტყუპ ძმებში ლიდერი არც ერთი არ არის. როგორც ამბობენ, ორივე მათგანი თანასწორუფლებიანია და სიჩუმე უყვართ.
„უკეთესია, რომ წყვილში ლიდერი არ არის და საერთოდ, ცოტას საუბრობენ. თუ გამოჩნდება ლიდერი, ეს ნეგატიურად აისახება თამაშზე. როდესაც მაიკს რამეს ვაიძულებდი, ის თვითდაჯერებულობას კარგავდა. ასე მემართებოდა მეც. ჩვენთვის უკეთესია თუ თანასწორუფლებიანად ვიქცევით და სიჩუმეში ვითამაშებთ“, – ასეთია ბობის მოსაზრება.
ასევე აღმოჩნდა, რომ ძმებს ერთმანეთში ხშირად უჩხუბიათ.
„ყველაზე მაგრად 2006 წელს ვიჩხუბეთ. პირველი წრის მატჩი მოვიგეთ, მაგრამ ძალიან დავიღალეთ, თან მშიერები ვიყავით. ამასთან, მწვრთნელმა თამაშის ანალიზის გარჩევა უადგილო ადგილზე დაიწყო. ჩვენ ერთმანეთს დავუწყეთ გადაბრალება და ვერავინ გაგვაჩერა, რადგან მანქანის უკანა სავარძელზე ვიჯექით. სიტყვას სიტყვა მოჰყვა და უცებ ბობმა თავში წამითაქა, რაზეც ვუპასუხე. მთელი გზა ვუბრაგუნებდით ერთმანეთს, რადგან გაჩერება ვერ შევძელით.
სახლთან მისულებმა მძღოლს ბოდიში მოვუხადეთ. ოთახში ასვალამდე ბობიმ გადაწყვიტა ბოლო პასუხი გაეცა. ვეღარ მოვითმინე, კიბეებიდან დავაგორე და პირდაპირ აბაზანისკენ გავიქეცი. ჩავიკეტე, თორემ აუცილებლად მომკლავდა. გაბრაზებულმა რომ ვერაფერი მოახერხა, გიტარა გამიტეხა. ასე კი მოხდა, მაგრამ საღამოს ჩვენივე საქციელზე ვიცინოდით.
ასეთი ჩხუბი მერე აღარ გვქონია, მაგრამ პატარ-პატარა წაკინკლავება კი გვიხდება ხოლმე. სამაგიეროდ, იმ ჩხუბის შემდეგ „უიმბლდონი“ მოვიგეთ“, – დასძინა მაიკმა.