პრემიერლიგის ფეხბურთელებს პირობა მისცეს, რომ ეგრეთწოდებულ პროექტის განახლებაში ანუ შეწყვეტილი ჩემპიონატის აღდგენაში მონაწილეობას არ დააძალებენ და არც დააჩქარებენ.
გუშინ გაიმართა ვიდეოკონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ პრემიერლიგის კლუბები, საკუთრივ ლიგის წარმომადგენლები, პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის შეფები და აგრეთვე მიწვეული ჰყავდათ მაღალი დონის სამედიცინო პერსონალი. სწორედ ამ კონფერენციაზე გაისმა ზოგიერთი ფეხბურთელის ეჭვნარევი ხმა — ნაადრევად ხომ არ მოსდით ინგლისში, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ჩემპიონატის აღდგენა?
და ამავე კონფერენციაზე, როგორც პრემიერლიგის, ასევე პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ თამაშების 12 ივნისს განახლება შესაძლოა მართლაც ნაადრევი იყოს.
ეს სიტყვები ჯერ ოფიციალურად არაფერს ნიშნავს, მაგრამ რაკი ითქვა, ესე იგი არ არის გამორიცხული, რომ პრემიერლიგის დაწყებამ ერთი კვირით, 19 ივნისისთვის გადაიწიოს.
ზოგი კლუბი უკვე შეუდგა ინდივიდუალურ ვარჯიშებს, თუმცა უმეტესობა საქმეში ორშაბათიდან ჩაებმება. რაც შეეხება სრულფასოვან ვარჯიშს, ის 25 მაისიდან არის დაგეგმილი.
ამასთან, ისიც ითქვა, რომ ინდივიდუალური ვარჯიში ყველას პირადი საქმეა. მას ვერავის დააძალებ.
ვიდეოკონფერენციაზე, რომელიც სამ საათს გაგრძელდა, კიდევ ერთ-ერთი მთავარი საკითხი გახლდათ ყველა ფეხბურთელის დავალდებულება, ხელი მოაწეროს დოკუმენტს, რომელშიც მისი კლუბის covd 19-თან ბრძოლის პოლიტიკაა ჩამოყალიბებული.
ამ საკითხზე მსჯელობისას, ზოგიერთ ფეხბურთელს ეგონა, რომ კლუბები ეშმაკობდნენ და ამ ხელმოწერით კორონავირუსთან დაკავშირებულ მთელ პასუხისმგებლობებს იხსნიდნენ.
იყვნენ ისეთებიც (რომელთა შორის ჩვენს შავ-თეთრ ფოტოზე გამოსახული „უოტფორდის” მოთამაშე ტროი დინი გამოირჩეოდა), რომლებიც ეჭვობდნენ, რომ პრემიერლიგის სხვა წამყვან მოთამაშეებთან შედარებით მას უფრო დისკრიმინაციულ ჯანმრთელობის პროტოკოლზე აწერინებდნენ ხელს.
ორშაბათს პრემიერლიგას მორიგი თათბირი აქვს დანიშნული.
ინგლისის ჩემპიონატის შეფები პირობას დებენ, რომ აუცილებლად გაითვალისწინებენ იმ ფეხბურთელების მდგომარეობას, რომელთაც ოჯახური ან სხვა მდგომარეობის გამო „რესტარტში” მონაწილეობა ჯერჯერობით არ უნდათ.