ინგლისის ნაკრების ვარსკვლავი დელე ალი მეგობარ გოგონასთან, ძმასთან და მცირე კამპანიასთან ერთად მხიარულობდა, როდესაც სახლში მძარცველები შეუვარდნენ. მძარცველებმა ტოტენჰემელს არც ხელით შეხება დააკლეს და არც დანის ტრიალი.

პოლიცია მთელი ღამის განმავლობაში ეძებდა ყაჩაღებს, რომლებმაც დელე ალის სახლიდან ძვირფასი საათები და ათასობით გირვანქის სამკაული წაიღეს. ცნობისათვის: 24 წლის ფეხბურთელის სახლი, სადაც ძარცვა მოხდა, 2 მილიონი გირვანქა ღირს.

ნიღბიანი მძარცველები სახლში ღამის პირველის ნახევარზე შევარდნენ. მათ დელე ალის სახეში ხელი გაარტყეს, შეეხნენ ერთ სტუმარს და ძვირფასეულობა მოითხოვეს. შემდეგ, ერთ-ერთი მათგანი ზედა სართულზე ავარდა და მასპინძლის საძინებელი გადმოქოთა. როგორც ჩანს, სწორედ იქ ინახებოდა სამკაულები. ქვედა სართულიდან, ყაჩაღებმა საათები წაიღეს.

ფეხბურთელი და მისი ნაცემი მეგობარი საავადმყოფოში არ წაუყვანიათ, თუმცა შოკი, რომელიც მათ გადაიტანეს, სერიოზული იყო.

პოლიციამ ახლომახლო განთავსებული სათვალთვალო კამერები დაიარა და ჩანაწერები ამოიღო.

არის ვარაუდი, რომ დელე ალის ბინაში მძარცველები შემთხვევით არ შევარდნლან. იმ ფეხბურთელის სახლზე დაცემა, რომლის ხელფასი კვირაში 150 000 გირვანქაა, წინასწარ დაგეგმილს ჰგავდა.

როგორც ჩანს, ყაჩაღებმა ძარცვის ადგილი სწრაფად დატოვეს, რადგან ახლომახლო დიდი მოძრაობა არ არის, არცთუ შორს კი M25 ტრასაა საიდანაც შეიძლება ნებისმიერი მიმართულებით წახვიდე.

პოლიციამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მსგავსმა ყაჩაღურმა დაჯგუფებამ ორი თვის წინ დელეს ბელგიელი თანაგუნდელის იან ვერტონგენის სახლიც გაძარცვა. ვერტონგენის შემთხვევაში, ოჯახის უფროსი გერმანიაში იყო, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მონაწილეობდა და ავაზაკებს მისი მეუღლისა და უმწეო ოჯახის წევრების დაშინება კიდევ უფრო გაუადვილდათ.

ცნობისათვის: დელე ალის ზემოთ ნახსენები ძმა, ჰარი ჰიკმენი გახლავთ იმ ოჯახის ბიოლოგიური შვილი, რომელმაც მომავალი ფეხბურთელი — რომლის ნიგერიერლი მამაც ამერიკაში გაიქცა, ხოლო ინგლისელი დედა ლოთობდა — აიყვანა და გაზარდა.