2019 წელი ბრაზილიური საკლუბო ფეხბურთისთვის ფინანსურად რევოლიციური იყო. ტელეკომპანია „გლობომ“, რომელიც ჩემპიონატის ტრანსლაციის უფლებას ფლობს, კლუბებთან რთული მოლაპარაკების შემდეგ 240 მილიონი ევროს გადახდაზე თქვა დასტური. ეს გაცილებით მეტია წინა წლებში გადახდილ თანხაზე.
საპრიზო მილიონები ოდნავ რთული სქემით იყოფა:
40% ნაწილდება თანაბრად ჩემპიონატში მონაწილე 20-ვე გუნდზე.
კიდევ 30%-ს დაკავებული ადგილების მიხედვით ინაწილებს ლიგაში დარჩენილი 16 გუნდი (ბოლო ოთხი ვარდება).
Flamengo now locked in TV rights battle with TV Globo over ...დარჩენილი 30%-ის განაწილება კონკრეტული გუნდის მატჩის რეპორტაჟის რაოდენობითა და ტელერეიტინგით ხდება.
თუ მარტივად ვიტყვით, ლიგიდან გავარდნილ გუნდსაც კი 5 მილიონ ევრომდე ერგება, ლიგაში დარჩენილთაგან უსუსტესს – მეთექვსმეტე ადგილზე გასულს კი დაახლოებით 7 მილიონი.
რაც შეეხება ჩემპიონ „ფლამენგოს“, 14 მილიონ ევრომდე ირგუნა.
ცალკე თემაა ბრაზილიის თასი. აქაც სულ ლაპარაკობდნენ, რომ კლუბები თასის გათამაშებას სერიოზულად არ უდგებიან. ტელეკომპანიებმა კი საკითხი მარტივად გადაჭრეს: სხვადასხვა ეტაპზე მიღებული საპრიზოების გარდა, მხოლოდ ფინალური მატჩის მოგება 10 მილიონი ევრო ღირს. შედეგად, უკვე მეოთხედფინალიდან საქმეს მხოლოდ ბობოლებიღა არჩევდნენ. თასის მფლობელმა „ატლეტიკო პარანენსემ“ ამ გათამაშებაში 13 მილიონი ევრო გამოიმუშავა, ჩემპიონატიდან მიღებულთან ერთად კი მხოლოდ ტელეტრანსლაციებით 25 მილიონით გამდიდრდა.
ჯამურად, შარშან ბრაზილიურმა კლუბებმა დაახლოებით ხუთჯერ მეტი მიიღეს, ვიდრე 2018-ში. არ იფიქროთ, რომ ჩვენი ინფორმაცია მოძველდა. გამოთვლის რთული სისტემის გამო კლუბებმა შარშანდელი საპრიზოები ბოლომდე ახლაღა მიიღეს.
კლუბების მოღონიერება იმას ნიშნავს, რომ ევროპელ ბობოლებს აღარ უნდა ჰქონდეთ ბრაზილიელი ტალანტების კაპიკებად გადაბირების იმედი.
როგორც იქნა, ტელეფულმა ბრაზილიაშიც იწვიმა.