ჩოგბურთში საფრანგეთის ღია პირველობა დაგეგმილი 18 მაისის ნაცვლად 27 სექტემბერს დაიწყება. საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბერნარ ჯუდიჩელი არ გამორიცხავს, რომ წლევანდელი „როლან გაროსი“ ცარიელი ტრიბუნების წინ ჩაივლის.
„არც ერთ ვარიანტს არ გამოვრიცხავთ. არ ვიცით რა იქნება მომავალში,ამიტომაც არ გვინდა ცრუ დაპირებები მოგცეთ. ტურნირმა უმაყურებლოდ რომ ჩაიაროს, ეს ჩვენთვის მაინც საინტერესო იქნება, რადგან არსებობენ სპონსორები, რომელთაც ტელეტრანსლაციის უფლება აქვთ“, – აცხადებს ჯუდიჩელი.
ცარიელი ტრიბუნების წინ „როლან გაროსის“ ჩატარება ნიშნავს, რომ ორგანიზატორები 130 მილიონ ევროს დაკარგავენ. აქედან 50 მილიონი მარტო ბილეთების გაყიდვიდან მოდის, 70 მილიონი საპატიო სტუმრების მასპინძლობიდან, რომელშიც შედის ვიპ-ლოჟების გაყიდვა. 10 მილიონი იკარგება სხვადასხვა ატრიბუტიკის გაყიდვით.
როგორც ჯუდიჩელიმ ბრძანა, მთავარი შემოსავლის წყარო ტელეუფლებაა, რომელიც 90 მილიონ ევროდ საერთაშორისო ბაზარზე უკვე გაიყიდა.
მაყურებლების გარდა წლეულს „როლან გაროსზე“, შესაძლოა, ვერ ითამაშოს ტურნირის 12 გზის გამარჯვებულმა რაფა ნადალმა. როგორც მსოფლიოს მეორე ჩოგანი აცხადებს, ამის მიზეზი სწორედ კორონავირუსი და მისგან გამოწვეული იძულებითი პაუზაა.
„ვფიქრობ, ხანგრძლივი და იძულებითი პაუზა ჩემზე და ჩემი ასაკის სპორტსმენებზე არც თუ კარგად იმოქმედებს. ძალიან დიდი ძალისხმევა, დისციპლინის დაცვა და საკუთარ თავში დარწმუნება დამჭირდება, რომ კორტზე გასასვლელად 100%-ით მზად ვიყო. სათამაშო ფორმის სრულფასოვნად აღდგენას დრო უნდა. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ წლეულს „როლან გაროსზე“ ვერ მიხილავთ. იმედი მაქვს ვცდები… თუმც აქვე ვიტყვი, რომ ეს პაუზა არ იმოქმედებს ჩემს კარიერაზე, რომლის დასრულებზე არც კი ვფიქრობ. ჯერ ხალხი კიდევ იხოცება… სპორტი ბოლომდე რომ დაბრუნდება და დავბრუნდები მეც“, – ასე ფიქრობს რაფა.
შეგახსენებთ, რომ 33 წლის ესპანელმა ჩოგბურთელმა კარიერაში „დიდი მუზარადის“ 19 ტიტული მოიგო, აქედან 12 „როლან გაროსი“, რაც რეკორდია.