ინგლისის თითქმის ჩემპიონი „ლივერპული” შეურაცხყოფილია, რადგან ქვეყნის საფეხბურთო საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ „რესტარტის” შემდეგ თამაშები „ენფილდზე” არ უნდა გაიმართოს. მიზეზი: ადგილობრივ ფანებს არ ენდობიან! მათ ქალაქში ფეხბურთი რომ დააბრუნო, სხვა ქალაქების მაცხოვრებლებისგან განსხვავებით სოციალური დისტანცირების წესებს ვერ დაიცავენო.
განვმარტოთ: ინგლისში პრემიერლიგის ჩემპიონატის განახლებას ცარიელი ტრიბუნების წინაშე და… ნეიტრალურ სტადიონებზე აპირებენ. კლუბები კი საფეხბურთო ხელისუფალთ სთხოვენ, რომ მეორე პუნქტი გააუქმონ. მათ უნდათ, რომ თუნდაც მაყურებლის გარეშე, მაგრამ შინ ითამაშონ. ასეთ პირობებში ნეიტრალურ სტადიონებზე თამაშის მომხრეთა ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად, თურმე ლივერპული ქცეულა. თქვენ რა, გინდათ, რომ ფეხბურთი „ენფილდზე” დააბრუნოთ და იმედი გაქვთ, რომ ამას „ლივერპულის” თამაშების დღეებში სტადიონის მიმდებარე ქუჩებზე კორონავირუსის მასობრივი გავრცელება არ მოჰყვებაო?
რისკი მართლაც დიდია. ბოლოს და ბოლოს, „ლივერპული” 30 წელიწადია ინგლისის ჩემპიონი არ გამხდარა და ახლა რომ გახდება, ქალაქში ემოცია აუცილებლად იფეთქებს.
პასუხად, მერსისაიდული კლუბი კოლეგებს მთელი რიგი ღონისძიებების გატარებას ჰპირდება. გეგმათა შორისაა ფანებისთვის იურგენ კლოპისა და ვარსკვლავების პირადი მესიჯების დაგზავნა.
თუმცა, როგორც ჩანს თვით ლივერპულის მერი ჯო ანდერსონიც ძალიან არის შეშინებული.
„თუნდაც შეხვედრები მაყურებლის გარეშე ჩატარდეს, როგორც კი „ლივერპული” ჩემპიონი გახდება, „ენფილდის” გარშემო ათასობით ადამიანი შეიკრიბება. ამიტომ, აქ თამაში არ შეიძლება”, — თქვა მან.
მერს კლუბმა უპასუხა, თქვენმა ნათქვამმა გული დაგვწყვიტა. თან, ერთი სერიოზული არგუმენტიც არ მოგიტანიათო.