ევროპის სუპერლიგის შექმნის გეგმა ხომ გახსოვთ? ბობოლა კლუბთა ზე-ეროვნული ჩემპიონატის იდეა შარშან ფიფამ და უეფამ თითქოს აღგავეს, მაგრამ დღეს, როდესაც covid 19-მა ტრადიციულ საფეხბურთო ბიზნესს ზვავივით გადაუარა, „სეპარატისტებს” ხელახლა გაეხსნათ ხელ-ფეხი. ისინი ამბობენ, რომ ასეთ ხელსაყრელ დროს ვეღარ ნახავენ.
შესაძლოა, სუპერლიგის შექმნას ზოგიერთი სუპერკლუბიც ცდილობს, მაგრამ ამ ისტორიაში კლუბები მთავარი მოთამაშეები არ არიან. მათზე მეტად მსხვილი ბიზნესის ის წარმომადგენლები არიან მოწადინებული, რომელთაც, სავარაუდოდ, ნედლეულითა და ბუნებრივი რესურსებით მოვაჭრე სახელმწიფოები უმაგრებენ ზურგს და რომელთაც ევროპის საფეხბურთო მეურნეობის ხელში ჩაგდება სურთ.
ეს ფულის ტომრები მზად არიან, ოღონდ კი ახალ ალიანსში ჩაითრიონ და, ევროპული კლუბების პატრონეებს მილიარდები(!) გადაუხადონ.
რად უნდა ლაპარაკი, რომ მათი უპირველესი სამიზნეებია „ბარსელონა“, „რეალი“, „ლივერპული“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ბაიერნი“ და მსგავსი კალიბრის კლუბები, თუმცა არც შედარებით სუსტ, მაგრამ პოპულარულ კლუბებზე იტყვიან უარს. ასეთებს შორის არიან „სელტიკი“, „გალათასარაი“, „აიაქსი“ და ასე განსაჯეთ „ცრვენა ზვეზდაც“ კი.
როგორი უნდა იყოს ევროპის სუპერლიგა? არის ორი პროექტი. პირველის თანახმად, ეს იქნება ერთი 22 გუნდიანი ლიგა, საიდანაც არავინ გავარდება; მეორე პროექტი კი ორი 16 გუნდიანი ლიგის შექმნას ითვალისწინებს.
ევროპული ფეხბურთის რესტრუქტურიზაციის ფრონტს საჯარო ფიგურათაგან, 2019 წელს, „იუვენტუსის“ მეპატრონე ანდრეა ანიელი ხელმძღვანელობდა, მაგრამ 44 წლის ბიზნესმენს გეგმა ფიფამ და უეფამ ჩაუშალეს.
„სეპარატისტთა“ წინააღმდეგ ეფექტური ხერხი ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ მოიფიქრა. მან გამოაცხადა, რომ იმ ვარსკვლავებს, რომლებიც ფიფა-უეფას სტრუქტურიდან ახალ ლიგაში გადავლენ, მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის ნებას არ დართავს. ამან გაჭრა, რადგან, მაგალითად იმავე ლეო მესის ძალიან უნდა თავისი სამშობლოს, არგენტინის სახელით მსოფლიოს ჩემპიონი გახდეს.
სუპერლიგის მესვეურები ამბობენ, რომ ფიფასა და უეფას დაყოლიება ახლა უფრო შესაძლებელი გახდება. კერძოდ რა მეთოდით უნდა მოხდეს ეს, ამას არავინ ამბობს, მაგრამ იმას კი დაჟინებით იმეორებენ, რომ covid 19-მა „აჯანყებისთვის“ ხელსაყრელი დრო მოიტანა.