ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ასეა სპორტსმენების კარიერაც. ვინც გამორჩეულია, საზოგადოება მის ყველა ნაბიჯს დიდი ყურადღებით აკვირდება, ვინც ღირსეულია – ბავშვებისთვის სამაგალითო ხდება, ხოლო ვინც თან წარმატებულია – მთელ ერს უყვარდება! და როცა კარიერის დასრულების დრო დგება, მადლიერი ქომაგი თვალაცრემლებული ფეხზე წამოუდგება ხოლმე, დაუსრულებელი ოვაციებით, აღფრთოვანების ყიჟინით თვალცრემლიანს აცილებს…

ჰოდა, მამუკა გორგოძეც სწორედ ის კაცია, ვინც გამორჩეულიც არის სხვებისგან, ღირსეულიცაა და წარმატებული კარიერაც ჰქონდა. ქართველობა ბევრჯერ ავუფორიაქებივართ და გავუგიჟებივართ, გულები სიამაყით აღუვსია თავისი სიმძლავრით, შეუპოვრობით, თავგანწირვითა და ოსტატობით, მთელი ქვეყნის უსაყვარლეს ადამიანადაც ქცეულა.

საქართველო რა – მთელი ოვალური სამყარო უდიდეს პატივს სცემს მამუკა გორგოძეს.

მაგრამ ვაგლახ, რომ ამ ოხერმა ვირუსმა ასეთ კაცს კარიერის ისე დასრულების საშუალება მოუსპო, როგორც ეს ზემოთ აღვწერე და რასაც პირადად მამუკა ალალად იმსახურებს. თუმცა, მის დიდსულოვნებასა და თავმდაბლობას როგორც შეეფერება, ისე მიდის – საყვარელი ხალხი მუდამ გულში მეყოლება და რაა ჩემი კარიერა იმ განსაცდელთან, რომელშიც დღეს მთელი კაცობრიობა აღმოჩნდაო. თუ ოდესმე ამის საშუალება მომეცემა, ჩემს ხალხს აუცილებლად მოვეფერები და მადლობასაც ვეტყვიო…

რა გაეწყობა, ასეთია დღევანდელობა. მამუკა გორგოძეს კი არაფერი შეცვლის – ის დღეს ისეთივე ღირსეული და საამაყო კაცია, როგორიც თუნდაც ამ 2.5 წლის წინ იყო, როცა მასთან ეს ქვემორე ინტერვიუ ჩავწერეთ…