ანტონი კნოკაერტი

„მირორი” წერს, რომ პრემიერლიგის ექვსი კლუბი ორშაბათს კოლეგებს კატეგორიულად გამოუცხადებს: გააუქმეთ პრემიერლიგიდან გავარდნა და ჩვენ შეწყვეტილ ჩემპიონატს ჩაგამთავრებინებთ!

„ნორვიჩი”, „უოტფორდი”, „ასტონ ვილა”, „ბორნმუთი”, „ვესტ ჰემი” და „ბრაიტონი” ნეიტრალურ მოედნებზე თამაშს იმ შემთხვევაში დაყაბულდებიან, თუ გავადნა აღარ იქნება. ისინი პრემიერლიგის კლუბთა ორშაბათის ვიდეოკონფერენციაში სწორედ ამ მოთხოვნით მიიღებენ მონაწილეობას.

ჩამოთვლილ კლუბთაგან ერთ-ერთის მაღალჩინოსანმა „მირორს” განუმარტა: „ყველა თავისი ინტერესებიდან გამოდის და ჩვენ, ექვსი აუტსაიდერიც ასე მოვიქცევით. ჩვენთვის შინ თანაშს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამ უპირატესობას გვისპობენ. მაშინ გავარდნა გააუქმონ”.

საქმეს ართულებს ის, რომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას უკვე დაფიქსირებული აქვს თავისი პოზიცია — ის მიიჩნევს, რომ გასავარდნი გუნდები უნდა გავარდნენ, ხოლო ქვედა ლიგიდან აღსაზევებლები უნდა აღზევდნენ. თან, პრემიერლიგაში კლუბების რაოდენობის გაზრდას (ან თუნდაც შემცირებას) აუცილებლად ასოციაციის ნებართვა სჭირდება.

„მირორი” წერს, რომ არის კიდევ ერთი პრობლემა. პრემიერლიგის კლუბებმა ყველაფერზე რომც მოილაპარაკონ, სულ უფრო იზრდება იმ ფეხბურთელების რაოდენობა, რომლებიც პანდემიის პირობებში მოედანზე გასვლას უარობენ.

ერთ-ერთ მათგანს უკითხავს კიდეც, ფეხბურთელები როდის მერე გავხდით ქვეყნის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პროფესიის ხალხი, საგანგებო მდგომარეობის დროს მოედანზე გაყვანას რომ გვიპირებენო.

„ბრაიტონის” ფრანგი მოთამაშე ანტონი კნოკაერტი, რომელიც „ფულჰემშია” იჯარით გაშვებული, ამბობს:

„გერმანელები მალე თავიანთ ჩემპიონატს განაახლებენ, რაც მე ცოტა არ იყოს აბსურდად მეჩვენება. ეს ხომ მთელი საზოგადოებისა და პირადად ფეხბურთელებისთვის არის სახიფათო.

ეჭვი არ მეპარება, რომ ძალიან ბევრი ფეხბურთელი ჩემსავით ფიქრობს.

როდესაც მაღაზიაში პროდუქტის საყიდლად გავდივარ, მეშინია, რომ კორონავირუსი გადამედება. მერწმუნეთ, მარტო საკუთარ თავზე არ ვზრუნავ. მე ახალგაზრდა ვარ და დაავადებას რამენაირად დავამარცხებ, მაგრამ დიდი შანსია დავასნებოვნო ჩემს გარშემო მყოფი ადამიანები, რომლებიც რისკის ჯგუფში შედიან. და თუ ასეთი რამ მოხდება, ეს ამბავი მთელი ცხოვრება მძიმე ტვირთად გამყვება.

რისიც მეშინია მაღაზიაში, იმავეს ვშიშობ ფეხბურთის თამაშის დროს.

სამმა ქვეყანამ, საფრანგეთმა, ბელგიამ და ჰოლანდიამ ჩემპიონატები დასრულებულად გამოაცხადა და ვფიქრობ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. ვნახოთ, როგორ მოიქცევიან სხვა ქვეყნები.

ამ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი თავად ფეხბურთელების მოსმენა იქნება. მათ აქვთ უფლება გამოთქვან თავიანთი აზრი. დაე, თქვან!

მთავრობა და ლიგები თავიანთ გადაწყვეტილებას რასაკვირველია მიიღებენ, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ხომ უშუალოდ ფეხბურთელების თავზე გადაივლის. მგონი სისულელეა მათ არ ვკითხოთ, უნდათ თუ არა ასეთ პირობებში მოედანზე გასვლა”.