ინგლისში შეწყვეტილი პრემიერლიგს გაცოცხლებას Project Restart ანუ პროექტის განახლება უწოდეს და ამ „რესტარტზე” ბევრს მუშაობენ. ხსენებული მუშაობის მორიგი პუნქტი, მაგალითად ასეთია: „სქაი სპორტი” და „BT სპორტი” თამაშების ტრანსლაციების დროს ფეხბურთელების გინებას ბრძოლას გამოუცხადებენ. როგორ? სავარაუდოდ, ხმას გაუთიშავენ. მოგეხსენებათ, ჩემპიონატის დასრულებამდე დარჩენილია 92 მატჩი.

ინგლისელებს არ უნდათ, რომ ტელეეთერში ბილწსიტყვაობა ისმოდეს, თორემ ის რომ არსებობს და ხალხი რომ იგინება, კარგად იციან. მათ არ სურთ, რომ საყვარელი თამაშის ოჯახური ცქერისას ეკრანიდან მათ შვილებს უცენზურო გამოთქმები ესმოდეთ.

ვინმემ შეიძლება იფიქროს, აქამდე სად იყვნენ, გინება ახლა რატომ გაახსენდათ, ფეხბურთელები ხომ აქამდეც იგინებოდნენო. ამაზე პასუხი ძალიან მარტივია: განახლებულ პროექტში ტრიბუნებზე მაყურებელი არ იჯდება და ის ხმაური, რომელიც ჩვეულებრივ, ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ხმას ფარავს, ბილწსიტყვაობას ვეღარ ჩაახშობს.

აქვე უნდა მოგახსენოთ, რომ ბრიტანეთში არსებობს მკაცრი რეგულაციები, რომელიც აკონტროლებს რა გადის და რა ისმის ტელევიზორში საღამოს 9 საათამდე.

მაშ, როგორ უნდა მოიქცნენ ტელევიზიები? უპირველეს ყოვლისა მათ უნდა განიხილონ მოედნის კიდესთან განლაგებული ეგრეთწოდებული გარე ხმაურის მიკროფონების საკითხი. ფაქტია, რომ ეს მიკროფონები თამაშის ტრანსლაციას ალამაზებს და სტადიონზე ყოფნის ეფექტს იძლევა, მაგრამ შესაძლოა „პროექტის რესტარტმა” რეპორტაჟების ეს ხიბლი შეიწიროს და ყველაფერი კიდევ უფრო მშრალი გახადოს.

კეთილი, მაგრამ რა უნდა მოუხერხონ სათადარიგოთა სკამზე მყოფ ხალხს, რომლებიც მთელი თამაშის განმავლობაში რაღაცას უყვირიან მოედანზე მყოფ თანაგუნდელებს?

აქ ორი გზაა. ან კომენტატორებმა შეხვედრის აღწერის ნაცვლად მთელი მატჩების მსვლელობისას ბოდიშები უნდა იხადონ, ან ტელევიზიებმა რაღაც ტექნიკური ღონე უნდა იხმარონ, თუნდაც სულ დაახშონ ხმოვანი სიგნალი.

ერთი ფაქტია, რომ ფეხბურთელებს გინებას ვერ გადააჩვევენ.