„იუვენტუსმა” სიხარულით გამოაცხადა, რომ არგენტინელი პაოლო დიბალა, რომელიც ოთხჯერ ეგონათ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული, მაგრამ ტესტმა ოთხივეჯერ დადებითი აჩვენა, ბოლოს და ბოლოს განიკურნა.

26 წლის ვარსკვლავს დაავადება ექვსი კვირის წინ შეეყარა.

მთელი ამ ხნის განმავლობაში დიბალა მეგობარ გოგონასთან, ორიანა საბატინასთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ახლა კი შეუძლია ქუჩაში გავიდეს.

„იუვენტუსი” წერს: „ამჯერად მოთამაშემ ორჯერადი ტესტირება გაიარა და ორივე პასუხი უარყოფითი იყო. ის გამოჯანმრთელდა და თვითიზოლაციის რეჟიმს აღარ ექვემდებარება”.

დიბალამ ინსტაგრამზე დაპოსტა თავის ბაღში გადაღებული სურათი, რომელსაც მიაწერა: „ყველაფერი სახეზე მეტყობა. მე საბოლოოდ განვიკურნე covid 19-გან”.

არგენტინელმა მადლობა გადაუხადა მრავალრიცხოვან გულშემატკივარს, რომლებიც მთელი ავადმყოფობის განმავლობაში გამამხნევებელ წერილებს წერდნენ.

დიბალამ დაწერა, რომ კორონავირუსმა მის ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედა, სუნთქვის პრობლემებიც კი შეუქმნა.

პაოლო დიბალა „იუვენტუსში” 2015 წლიდან თამაშობს. „ბებერი ქალბატონის” შემადგენლობაში მან 216 შეხვედრაში 91 გოლი გაიტანა.

ერთი თვის წინ ის წერდა: „მე ძლიერ გამოკვეთილი სიმპტომები მმქონდა. როდესაც ვარჯიშს ვცდილობდი, იოლად ვიღლებოდი და ხუთ წუთში სუნთქვა მიჭირდა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ რაღაც მჭირდა და როდესაც კლუბმა ტესტირება ჩამიტარა, კორონავირუსი დამიდგინდა. მას მერე ვახველებდი, ვგრძნობდი დაღლილობას, ძილში მციოდა, მაგრამ კლუბიდან მეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მთავარი იყო სიმშვიდე შეგვენარჩუნებინა”.