ამერიკელი კალათბურთელი ვინს კარტერი ერთადერთია, ვინც ოთხ ათწლეულში მოასწრო თამაში. ეს, ალბათ, დიდხანს დარჩება რეკორდად, რადგანაც წლების სიმრავლესთან ერთად, ის კარგ დროსაც არის დაბადებული…

ვინსი 1998 წელს დრაფტზე „გოლდენ სტეტმა“ აირჩია და უმალ „ტორონტო რეპტორსში“ გაუშვა. მას შემდეგ კარტერმა რამდენიმე გუნდი მოიარა და ბოლოს ღუზა „ატლანტა ჰოუკსში“ ჩაუშვა.

2011 წელს კარტერი გახდა 37-ე კალათბურთელი, რომელმაც კარიერაში 20 000 ქულა დააგროვა, 2017 თებერვალში გახდა მეხუთე მოთამაშე, ვინაც 2 000 სამქულიანი ჩააგდო. ჩატარებული მატჩების რაოდენობით (1541) მხოლოდ რობერტ პერიშსა და ქარიმ აბდულ ჯაბარს ჩამორჩება და ამ მაჩვენებლით NBA-ს სამეულში შედის.

კარტერის მეტსახელები აქამდე „ვინსენტინი“ და „ეარ კანადა“ იყო, მაგრამ ატლანტაში ახალი თიკუნი მიიღო. „ატლანტა ჰოუკსის“ გამთამაშებელი ტრეი იანგი ამბობს, რომ გუნდის ვეტერანს, 43 წლის კარტერს ახალი და სასაცილო მეტსახელი აქვს. ლიგის ყველაზე უხუცეს წევრს ოსტატ იოდოის ადარებენ – ცნობილი კინოეპოპეის, „ვარსკვლავური ომების“ გმირს.

„კარტერი არის ერთ-ერთი საუკეთესო პარტნიორი, რომელიც ოდესმე მყოლია. იმ 2 წლის მანძილზე, რაც ერთ გუნდში ვართ, ყველაფერი მასწავლა თუ რამე იცოდა. ჩვენ მას იოდოის ვეძახით, რადგან ყველაზე უფროსია, მაგრამ ამვდროულად თამაშიც შეუძლია და ძალიან ბევრი იცის. ვინსთან ყოველთვის ბევრი კითხვა მაქვს. განსაკუთრებით მაინტერესებს, როგორ უნდა გავხდე გუნდის ლიდერი. იოდოიმ „ტორონტო“ და „ნიუ ჯერსი“ ზურგით ატარა“, – ამბობს იანგი.