კახა შალამბერიძე გარდაიცვალა…
ბოღმის ცრემლები გვახრჩობს და სიტყვა ვერ ამოგვითქვამს – კახა აღარ გვყავს, 39 წლის ახალგაზრდა კაცი, რომელმაც სპორტულ ჟურნალისტიკასა და ზოგადად ქართულ სპორტულ სივრცეში უამრავი მოასწრო და კიდევ მეტი უნდა მოესწრო.

ის „სარბიელში“ საუკუნეთა გასაყარზე, სრულიად ახალგაზრდა მოვიდა და რედაქციის ვიწრო, გრძელი დერეფანი ერთხელ ბოლომდე გაიარა თუ არა, მაშინვე მივხვდით: ამ ბიჭს წლები ვიცნობდით.

ის პირდაპირ გუნდის წევრი გახდა, დახვეწილი იუმორით, უკიდურესი პატიოსნებით და დიდი საქმეების კეთების სურვილით. კახას აღმასვლა, ზოგადად მისი კარიერა „სარბიელიდან“ დაიწყო, სადაც მან საფეხბურთო თემაზე შექმნილი ცოცხალი რეპორტაჟებით თუ მაღალი დონის ანალიტიკური წერილებით იმთავითვე მოიპოვა მკითხველის ყურადღება.
ძნელად ვინმე თუ დაიჯერებდა, რომ ასეთი დონის სპორტულ მასალას 19 წლის ყმაწვილი ქმნიდა… ახლა კი ვერ ვიჯერებთ, რომ კახა ჩვენთან აღარ არის…

„სარბიელის“ რედაქცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კახა შალამბერიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მისი ოჯახის წევრებს.