პრემიერლიგის ყოფილი ვარსკვლავის კევინ ფილიპსის ცოლი ჯული ფილიპსი შარში გაეხვა. ერთი ღამით ის მკვლელობის მცდელობაში იყო ეჭვმიტანილი. მავანი მამაკაცი დანით არის დაჭრილი.

ეს ამბავი შაბათს მოხდა, როდესაც 49 წლის ჯულიმ საგანგებო მდგომარეობის წესები დაარღვია და სადღაც, სამოთახიან, ტერასიან ბინაში დროის გასატარებლად წავიდა. სწორედ იქ ატყდა ჩხუბი.

ოთხი შვილის დედა პოლიციის განყოფილებაში მთელი ღამით გააჩერეს. დაკითხეს ორი 20 წლის ბიჭიც (ინგლისში ამ ასაკის ხალხს კაცებს უწოდებენ და იქაურ წყაროებშიც ასე წერია). ქალი დილით გაუშვეს. არ არის გამორიცხული, რომ დაკითხულები კევინსაც იცნობდნენ და ჯულის უფროს ქალიშვილსაც.

მსხვერპლიც 20 წლისაა. მას ჰქვია აიგარს ლიპენტისი. სასწრაფოს ის კრიტიკულ მდგომარეობაში დახვდა. ლიპენტისი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინგლისის ნაკრების (8 თამაში), „სანდერლენდის”, „საუთჰემპტონის”, „ასტონ ვილას”, „ლესტერის” და სხვა ნაკლებად სახელოვანი კლუბების ყოფილმა ფეხბურთელმა, 46 წლის კევინ ფილიპსმა კი უარყო ხმა, თითქოს მის ცოლს ამ ახალგაზრდათაგან რომელიმესთან ინტიმური ურთიერთობები ჰქონდა. მან (არ არის გამორიცხული, რომ ცოლისთვის რეპუტაციის შესანარჩუნებლად), თქვა, რომ თავად ლუდის საყიდლად იყო გასული.

ფილიპსი: „ჯული ინციდენტის მოწმე გახდა. ის დილით პოლიციიდან ყოველგვარი ბრალდების გარეშე გაათავისუფლეს. ალბათ, წარმოგიდგენიათ, როგორი ტრავმირებული იყო. რაც შეეხება დანარჩენ ჭორებს, ყველაფერი სრული სისულელეა”.

ჯული, რომლის „რენჯ როვერი” პოლიციამ დეტალური შესწავლის მიზნით თავის სადგომზე გადაიყვანა, ამბობს, რომ სანამ იმ ავბედით ბინაში მივიდოდა, დედამისის მოსანახულებლად შეიარა.

როგორც ასეთ ისტორიებზე გამეცადინებულმა „სანმა” ექსკლუზიურად შეიტყო, იმ საღამოს ხსენებული წვეულებიდან გაიქცა მავანი 19 წლის ნეითან მაიკლსი, რომელიც დანაშაულის ადგილიდან მოშორებით, მანქანით, ავტოსერვისის ფირმა Kwik Fit-ის გარაჟს შეასკდა. ის პოლიციამ დააკავა და ბრალად ლიპენტისის დაჭრა და ცივი იარაღის ქონა წაუყენა.

წვეულებაზე მყოფი ერთ-ერთი 20 წლის კაცის წინააღმდეგ აღიძრა ნარკოტკებთან დაკავშირებული სულ სხვა საქმეც.

კევინ ფილიპსთან დაკავშირებით „სანმა” გაიხსენა 2005 წლის გახმაურებული ამბავი, როდესაც ჯული ქმარს მობილური ტელეფონების გამყვიდველთან ღალატობდა. ის ყმაწვილი ქალზე მნიშვნელოვნად უმცროსი იყო, მაგრამ კევინმა მაშინაც ოჯახის შენარჩუნება ამჯობინა.