უნებურად „არაჩვეულებრივი გამოფენა” გაგახსენდება.
— ბატონი ბონა მოკვდა?
— არა, კისლოვოდსკშია.
ფეხბურთელი, რომელიც 2016 წელს ავარიაში დაიღუპა, თავს შესანიშნავად გრძნობს. მისი ცოლის წინააღმდეგ კი საქმე აღიძვრება. გამოიძიებენ დაზღვევასთან დაკავშირებული თაღლითობის ამბავს.
ლაპარაკია „შალკეს” მცველ ჰიანიკ კამბაზე, რომელმაც მშობლიურ კონგოში მიაბარა სული არსთა გამრიგეს, მისმა მეუღლემ კი სადაზღვევოსგან ექვსნიშნიანი თანხა მიიღო. და აი, ახლა „ბილდი” წერს, რომ კამბა (რომელიც 33 წლის იქნებოდა და არის კიდეც), რურის ოლქში გაცოცხლდა და თავის ძველ პროფესიას, ქიმიკოსობას მიჰყო ხელი. ის თურმე ენერგეტიკულ კომპანიაში მუშაობს.
„ბილდის” გარდა ხმა ამოიღეს სხვა გერმანულმა გამოცემებმაც. საერთო დასკვნა ასეთია: კამბა აშკარად არ არის მკვდარი.
თუ ისტორია ცოტა აბურდული გეჩვენათ, ეს გასაკვირი არ არის, რადგან დაწვრილებით გერმანიაშიც არავინ არაფერი იცის.
კამბა ნიჭიერი მარჯვენა მცველი იყო. ის „შალკეს” ახალგაზრდულ გუნდში მანუელ ნოიერთან ერთად თამაშობდა სანამ… 2007 წელს ქუდი არ დაიხურა და გერმანიის დაბალ ლიგებში, გუნდიდან გუნდში არ დაიწყო მოგზაურობა. ბოლოს „ჰულსში” იყო, მერვე დივიზიონში. სწორედ იქ უწია „სიკვდილმა”.
ეს 2016 წელს მოხდა, როდესაც კამბა ყოველგვარი საბუთის, ტელეფონისა და ფულის გარეშე (?) ისტორიული სამშობლოს შესწავლას შეუდგა. აი, მაშინ გავრცელდა ცნობა კამბას ავტოკატასტროფაში დაღუპვის შესახებ, ხოლო მისმა ყოფილმა ცოლმა კონგოს „იუსტიციის სახლიდან” გარდაცვალების ცნობა წამოიღო და გერმანიაში სადაზღვევო კომპანიას მიადგა…
ნეტავ, რა დაუჯდა კონგოში გარდაცვალების ცნობა და დაკრძალვის საბუთები? ალბათ, გაცილებით ნაკლები, ვიდრე გერმანელებისგან მიიღო. თუმცა, მოდი, უდანაშაულობის პრეზუმპციას ნუ დავარღვევთ.
ასე იყო თუ ისე, გამოხდა ხანი და ეს ჩვენი ჰიანიკ კამბა გელზენკირხენში თავის ძველ სახლთან ნახეს, მისი 39 წლის ექს-ცოლი კი დაიბარეს სადაც საჭიროა.
ცხადია, ის ხელებს ასავსავებს და ყველაფერს უარყოფს. ქალს 10 წლის შვილიც ჰყოლია.
ახლა, იმასაც ამბობენ, რომ 2018 წელს, კონგოს დედაქალაქ კინშასაში, გერმანიის საელჩოს მიდგომია მავანი მამაკაცი და განუცხადებია, რომ ის ჰიანიკ კამბაა, ხოლო ხმები მისი გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებულია. იმ კაცს იქ, სალეჩოში მოუყოლია ძნელად დასაჯერებელი ისტორია თუ როგორ დარჩა (ან დატოვეს) მეგობრების, ფულისა და საბუთების გარეშე.
ცოლყოფილმა კი, ამასობაში, განაცხადა, დაზღვევის შესახებ აბა მე წინასწარ საიდან უნდა მცოდნოდა, ჰიანკი რომ მოკვდა მერე გავიგე, რომ ფული მეკუთვნოდაო.
ახლა, ამ არეულ-დარეულ საქმეზე სასამართლო გაიმართება და სავარაუდოდ კამბა მოწმის სახით იქ „აღდგება მკვდრეთით”.
მისი მშობლები კონგოდან ევროპაში 1986 წელს გამოიქცნენ. 2005 წელს, გერმანელებმა ოჯახი გაადეპორტეს, ყმაწვილი კი კარგი ფეხბურთელობის გამო დაიტოვეს.
დაიტოვეს და…