თითქმის ორი წელიწადი გაატარა გისოსებს მიღმა „ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა სანდრო როსელმა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოძიება. ახლა მას ბრალი მოუხსნეს, ის თავისუფალია, მაგრამ ფულის გათეთრების ეს შემთხვევა ერთადერთი საქმე არ არის, რომელიც მის წინააღმდეგ აღძრეს. ძიება გრძელდება.
საქმე, რომელმაც როსელს თითქმის ორი წელიწადი იზოლატორში გაატარებინა ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტთან რიკარდო ტეიშეირასთან იყო დაკავშირებული. „ბარსელონას” ყოფილ პრეზიდენტს ბრალად მისგან საკომისიოების აღებას სდებდნენ.
იზოლატორიდან გამოსულმა როსელმა ტელეკომპანია La Sexta-ს, კერძოდ კი ხორდი ევოლეს შოუს Lo de Evole-ს ინტერვიუ მისცა. მან თქვა:
„ჩემი საქმე იურიდიული შეცდომის შედეგი არ იყო, მთელი შეთქმულება მომიწყვეს. მდგომარეობა კატალონიაში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმაც დამიმძიმა — მას მერე, რაც არეულობა დაიწყო, თუ კატალონიელი იყავი, ესე იგი კრიმინალიც ბრძანდებოდი. ადრე როგორც კატალონიელს პატივს გცემდნენ, ახლა კი გაჩნდა დამოკიდებულება: „მიდი, მიდი, ეგ კატალონიელია”. ამან ჩემს სასარგებლოდ აშკარად არ იმოქმედა”.
როსელს ნეიმარის „ბარსელონაში” გადაყვანის ამბავსაც ედავებოდნენ.
„ამ საქმემ მტრები მომიმრავლა. მართალია, სიტყვა მტერი შეიძლება ცოტა გადაჭარბებულია, მაგრამ მოწინააღმდეგეები ნამდვილად დამიმატა. ნეიმარის ტრანსფერის გამო ხუთი წლით ითხოვდნენ ჩემს დაპატიმრებას. ეს საქმე ჯერაც არ არის დახურული, მაგრამ მე არაფრის მეშინია”.
შემდეგ როსელმა საყვედური თქვა. თურმე, რაც ის იზოლატორში იჯდა, მის ოჯახს გასამხნევებლად „ბარსელონას” ერთმა ფეხბურთელმაც კი არ დაურეკა.
„ვერ ვიხსენებ შემთხვევას, ჩემი ოჯახისთვის გამხნევების მიზნით რომელიმე ფეხბურთელს დაერეკოს. ასეთია პროფესიული სპორტის სამყარო. თუ საკითხი ბურთს არ ეხება, ისე არავის არავინ აინტერესებს” — თქვა ექს-პრეზიდენტმა.
ნანობს სანდრო როსელი „ბარსელონას” პრეზიდენტი რომ გახდა?
„ხანდახან ვფიქრობ, რა მინდოდა, რატომ ჩავერიე ამ ორომტრიალში, მეთქი. სანამ „ბარსელონას” პრეზიდენტი გავხდებოდი, ჩემს წინააღმდეგ ერთი საქმეც არ ყოფილა აღძრული, შემდეგ კი 72 საქმე აღიძრა”.