პრემიერლიგას საოცარი „ბ” გეგმა შესთავაზეს — შეწყვეტილი ჩემპიონატი მზიური ავსტრალიის ქალაქ პერთში ჩაამთავროს.

ლიგის შეშფოთებული ბოსები გამოსავალს ეძებენ. მათ ნება დართეს დარჩენილი 92 თამაში (ნეიტრალურ სტადიონებზე) ჩაატარონ, მაგრამ ამ სტადიონების ძებნაში სირთულე სირთულეს მოსდევს. და აი, „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ ვარსკვლავსა, ტელეექსპერტს გარი ნევილს იდეა მოუვიდა: ვითამაშოტ დახურულ კარებს მიღმა, ოღონდ საზღვარგარეთ; და ნეიტრალური მოედნების საკითხიც  თავისთავად მოიხსნება.

და ახლა, მავანი ინგლისელი აგენტი გარი უილიამსი ამ საოცარ ალტერნატივაზე მუშაობს. ის თავად ავსტრალიაში ცხოვრობს. ბრიტანული მას-მედია კი წერს, რომ აგენტი პერთელ სენატორს უკვე ელაპარაკა და… მისი მხრიდან თანხმობა ჯიბეში უდევს.

გარი უილიამსი ავსტრალიის მთავრობასთან და სპორტის სამინისტროსთანაც კონტაქტშია, ცდილობს მათაც დაანახოს პრემიერლიგის პერთში დამთავრების სიკეთეები. ამასობაში კი გამოჩნდა რამდენიმე ინგლისური კლუბი, რომელსაც იდეა ძალიან მოეწონა.

ერთ-ერთი მათგანის წარმომადგენელმა თქვა: „სეზონის წინ მსოფლიო ტურებში ხომ ისედაც დავდივართ და ახლაც გავემგზავრებით, რა განსხვავებაა. მაგ დროს, ავსტრალიაში იდეალური ამინდია”.

მათთვის, ვისაც პერთის ინფრასტრუქტურაზე ინფორმაცია არ აქვს. ავსტრალიის ამ ქალაქში ოთხი სტადიონია: „ოპტუსი” (65 000 მაყურებელი), „პერთ ოვალი” (20 500 მაყურებელი), კრიკეტის WACA (24 500) და „ჯუნდალუპ არენა” (16 000 მაყურებელი).

უილიამსმა თქვა: „მე პრემიერლიგის კონკრეტულ კლუბებს ველაპარაკე და ისინი იდეით კმაყოფილები დარჩნენ. მათ გარდა აზრი ავსტრალიის მთავრობაშიც მოეწონათ. ამ კვირაში კიდევ დავაზუსტებთ მთელ რიგ საკითხებს. ეპიდემიის კუთხით კი აქ ყველაფერი კარგადაა. ხელისუფლებამ ბევრი აკრძალვა უკვე მოხსნა.

ჩვენ უკვე ათ-ათნი ვსხედვართ მაგიდებთან, სეირნობას და პლაჟზე გასვლასაც აღარავინ გვიშლის. ბოლო ათ დღეში სულ ოთხი ახალი ინფიცირებული გვყავდა”.

შედარებისთვის: ავსტრალიაში covid 19-ისგან 93 ადამიანი გარდაიცვალა,  ხოლო დიდ ბრიტანეთში, ამ მომენტისთვის — 28 131.

გარდა ამისა, პერთს მსოფლიოს ყველაზე იზოლირებულ ქალაქს ეძახიან.

მეტიც, ავსტრალიაში დიდ სპორტულ შეჯიბრებებს სადაცაა განაახლებენ, თან სტადიონებზე მაყურებლის დაშვებით. ასე მაგალითად, რაგბის ჩემპიონატი 28 მაისს აღდგება.

ავსტრალიის გარდა კიდევ იყო ორი ვარიანტი: ყატარი და მალტა, მაგრამ მალტა ინგლისთან შედარებით ახლოსაა და ფანების ნაკადს ვერ გააკონტროლებ. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არის ცხელი ზაფხულის პრობლემაც.