„მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავმა, 28 წლის კევინ დე ბრუინმა ბელგიურ გაზეთ Het laatste Nieuws-ს ინტერვიუ მისცა. ინტერვიუს მსვლელობისას ლაპარაკი შეეხო ნახევარმცველის „ქალაქელებში” დარჩენა-არ დარჩენის საკითხს. როგორც იცით, თებერვალში, უეფამ „სიტის” ევროთასებიდან ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. თუ მანჩესტერელთა აპელაციამ არ გაჭრა, გამოვა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი 30 წლამდე ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩება.
„როგორც კი საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებენ, მე ჩემს მდგომარეობას გადავხედავ, — თქვა „ეტიჰედის” კერპმა, — ახლავე გეტყვით, რომ ორი წელიწადი მეტისმეტია, ერთ წელიწადზე კი დავფიქრდები”.
დე ბრუინს „მანჩესტერ სიტისთან” ხელშეკრულება 2023 წლამდე აქვს გაფორმებული. ამის მიუხედავად, მწვავე პასის მქონე შემტევი შუამარბის გადაბირებას ბევრი კლუბი ცდილობს. მათ შორის არიან „რეალი” და, როგორც ამბობენ, „ბარსელონაც”. წერენ იმასაც, რომ ბელგიელს სხვაგან წასვლას ინგლისში დარჩენა ურჩევნია.
„მანჩესტერ სიტის” დანაშაული უეფას წინაშე კი ის გახლავთ, რომ მას სპონსორებისგან დასაშვებზე მეტი თანხა აქვს მიღებული.
2011 წლიდან მოქმედებს კანონი, რომლის თანახმადაც კლუბმა რომელიც ევროთასებზე გამოდის, შემოსავალზე მეტი არ უნდა დახარჯოს. სხვა სიტყვებით, არ შეიძლება ერთი კლუბი ბიზნესს აწარმოებდეს და დავთარში შემოსავალ-გასავალს ითვლიდეს, მეორემ კი მილიარდერი პატრონი იშოვნოს და მისი მოყრილი ფულით აჯობოს პირველს. ამას ფინანსური ფეარ-ფლეის დარღვევა ჰქვია.