ბებერმა კონტინენტმა ცვლილებები იუარა და „მსოფლიო რაგბის“ პრეზიდენტად სერ ბილ ბომონტი დატოვა.

27-30 აპრილს შემდგარ ელექტრონულ არჩევნებში ინგლისელმა ფუნქციონერმა თავის არგენტინელ ოპონენტს 28:23 მოუგო და მომდევნო 4 წლის განმავლობაში მსოფლიო რაგბის მბრძანებელი იქნება. თუმცა, ყველამ კარგად იცის, რომ ბომონტის ძალაუფლება რამდენადმე პირობითია, რადგან სპორტის ამ სახეობაში მთავარი გავლენა ევროპული „6 ერის“ ხელმძღვანელობის ხელთაა.

ამ ყბადაღებული ექვსეულის თითოეულ წევრს არჩევნებში 3 ხმა აქვს, მათშორის იგივე იტალიასაც, რომელიც „მსოფლიო რაგბის“ რეიტინგში მუდამ ჩამორჩება საქართველოს, ფიჯის თუ იაპონიას, ხოლო ბობოლათა ათეულის ყველა დანარჩენ წარმომადგენელთან უკვე წლებია, უიმედოდ მარცხდება ხოლმე.  არადა, ამომავალი მზის ქვეყანას 2 ხმა აქვს, ხოლო ქართველებსა და ფიჯელებს – თითო!

მაგრამ ყველაზე აღმაშფოთებელი ის ფაქტია, რომ გასულ არჩევნებში ბილ ბომონტს თავისი ხმა იგივე ფიჯიმ მისცა, მის მაგალითს სამოამ და იაპონიამ მიბაძეს, და რაც უმთავრესია, თავისი წილი 2 ხმა კონსერვატორ კანდიდატს „რაგბი ევროპამ“ შესწირა, რომელსაც სათავეში რუმინელი გაიძვერა უდგას…

საქართველომ კი თავისი ხმა სიმპათიურ და პროგრესულად მოაზროვნე არგენტინელს მისცა და არა მოძველებული შეხედულებების ინგლისელს, როგორც მავანნი ამბობდნენ…