„ნიუკასლში” საუდელთა რევოლუცია მწიფდება, კარს რეფორმებია მომდგარი, მაგრამ თუკი კლუბი ტოპ-ფეხბურთელების ყიდვას გამოეკიდება, მათთვის ორმაგი ხელფასების დანიშვნა მოუწევს ჩრდილო-აღმოსავლეთში რომ გადაიბიროს — ასე სწამს ნიუკასლელთა საკულტო გმირს თემურ ქეცბაიას.

ტინისაიდური კლუბი იყიდება, მაიკ ეშლი მას უფორმებს ბიზნეს ჯგუფს, რომელსაც სათავეში საუდეთის კრონ-პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი უდგას. გულშემატკივარი იმედოვნებს, რომ არაბი პარტონები „ნიუკასლს” მეტ ფულს დაახარჯავენ.

ტემპერამენტით სავსე ქეცბაიამ — რომლის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ინგლისურ ფეხბურთში იყო 1998 წელს, როდესაც მან „ბოლტონის” კარში შეხვედრის ბოლოწამს გოლი გაიტანა და სარეკლამო დაფას წიხლები დაუშინა — „ნიუკასლში” სამი სეზონი გაატარა.

ის 1997 წელს კენი დალგლიშმა იყიდა. მაშინ „კაჭკაჭებს” პრემირლიგაში მეორე ადგილი ახალი მოპოვებული ჰქონდათ. ასეთი შედეგისთვის მათ შემდეგი ოცწლეულის განმავლობაში ერთხელაც აღარ მიუღწევიათ.

ქეცბაია ფიქრობს, რომ ახალი პატრონების გამოჩენა კლუბს კვლავ მწვერვალზე დააბრუნებს, მაგრამ ნიუკასლში საუდელებს შეიძლება დახვდეთ რეალობა, რომლის შესახებაც მათ ჯერ არაფერი იციან.

ყოფილი ნახევარმცველი, რომელიც „სენტ ჯეიმს პარკს” ხშირად სტუმრობს, ასე ამბობს: „ლონდონური კლუბებისთვის ყველაფერი გაცილებით იოლადაა. თუ შენ საუკეთესო ფეხბურთელების შეძენა გინდა კი ბატონო, ისინი დიდ ხელფასებზე წამოვლენ, მაგრამ ყველას ლონდონში სურს ცხოვრება. შენ კი გინდა, რომ მოთამაშე ნიუკასლში ჩაიყვანო და ამისათვის საჭიროა ორჯერ მეტი გადაუხადო.

სწორედ ამ რეალობის წინაშე დადგებიან ახალი მეპატრონეები. თუმცა, თუ ფული გაქვს, რატომაც არა? დარწმუნებული ვარ, „ნიუკასლი” კვლავ შეუტევს ჩემპიონის ტიტულს”.

ქეცბაია „სენტ ჯეიმს პარკზე” ძალიან პოპულარული ფიგურა იყო. მან „ნიუკასლში” პირველი გოლი ზაგრების „დინამოს” კარში, დამატებით დროში გაიტანა. ეს იყო გამარჯვების გოლი, რომელმაც კლუბს ისტორიაში პირველად მოუტანა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება.

ქართველი ფიქრობს, რომ გუნდს, რომლის თამაშებსაც რეგულარულად ესწრება 50 000 მაყურებელი, ელიტაში მოხვედრის შესანიშნავი წინაპირობა აქვს; გაცილებით უკეთესი, ვიდრე 2008 წელს „მანჩესტერ სიტის” ჰქონდა, როდესაც ის ახალმა პატრონებმა იყიდეს.

მიუხედავად იმისა, რომ პეპ გვარდიოლას ხელში „სიტიმ” ზედიზედ ორჯერ მოიგო პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული, გუნდს „ეტიჰედ სთედიუმის” შევსება ხშირად უჭირს. გულშემატკივარს საყვედურობენ, რომ მათ „სიტის” ერთგულება აკლიათ.

52 წლის ქეცბაია დასძენს: „ნიუკასლი” დიდი კლუბია. მათ საქომაგოდ ყველა შეხვედრაში 50 000 ფანი დადის. ასეთ პირობებში კი გუნდის აშენება უფრო ადვილია, რადგან მხარდაჭერა გჭირდება.

და თუ მათ მიზნების მისაღწევად ფულიც გამოუჩნდათ, ეს ხომ უნიკალურია.

მე მიყვარდა ნიუკასლში ცხოვრება. და ბედნიერი ვარ, რადგან დღეს ისე ჩანს, თითქოს კლუბმა ბოლოს და ბოლოს იპოვნა ვიღაც, ვინც ფულს ჩადებს და მათ კვლავ კონკურენტუნარიან გუნდად აქცევს”.

აეკ-იდან გადმოსულმა ქეცბაიამ „კაჭკაჭების” შემადგენლობაში 109 შეხვედრა ჩაატარა, მისი ქალიშვილი კი დღემდე ნიუკასლში ცხოვრობს. ქეცბაია გახლდათ კენი დალგლიშის გუნდის წევრი, რომელიც ყველა ღონეს ხმარობდა კევინ კიგანის დანერგილი სათამაშო სტანდარტი რომ შენარჩუნებულიყო.

კიგანის დროს, 1996 წელს, „ნიუკასლმა” 12 ქულიანი უპირატესობა გაუშვა ხელიდან და ეს ამბავი მაშინ სენსაციად ჩაითვალა. თავად კიგანმა გაშვებული სადავეების აღდგენა ვეღარ შეძლო და ნახევარ წელიწადში გუნდიდან წავიდა.

დალგლიშის ხელმძღვანელობით „ნიუკასლი” მეორედან მე-13 და მე-18 ადგილებზე დაეშვა.

ქეცბაია იგონებს, რომ მოედანზე უკანსვლის მიუხედავად კლუბის ხელმძღვანელები მის მიმართ უკიდურესად პროფესიულად იქცეოდნენ — ასეთი რამ მაიკ ეშლის ეპოქაში აღარ ხდებოდა.

ის იხსენებს: „დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი შეძენით იყვნენ დაინტერესებულნი. ვუპასუხე, რა პრობლემაა, თუ თქვენ ჩემი შეძენა მართლა გინდათ, ათენში ჩამობრძანდით და დავილაპარაკოთ, მეთქი. მათ მომიგეს, რომ უკვე ათენში იყვნენ.

მოჰამედ ბინ სალმანი

გაოცებული დავრჩი. თავმჯდომარეც იქ იყო, სპორტული დირექტორებიც. ოთხი თუ ხუთი კაცი. ჩვენ ერთმანეთს სასტუმროში შევხვდით, დავილაპარაკეთ და იქვე მოვაწერეთ კონტრაქტს ხელი. ეს იყო ყველაზე იოლი შეთანხმება, რომლისთვისაც ცხოვრებაში მიმიღწევია.

იმხანად კლუბში დიდებული ფეხბურთელები თამაშობდნენ. ჩვენ ტიტულისთვის ბრძოლაში „მანჩესტერ იუნაიტედს” ვუწევდით კონკურენციას”.

ეშლის ხელში კი „ნიუკასლი” პრემიერლიგიდან ორჯერ გავარდა — 2009 და 2016 წლებში.

მან ენერგიულად დაიწყო, როდესაც „ლივერპულის” ყოფილი თავკაცი რაფა ბენიტესი მწვრთნელობაზე დაითანხმა, მაგრამ ესპანელი მალევე წავიდა. ბენიტესმა წასვლის მიზეზად ის დაასახელა, რომ არ სჯეროდა, თითქოს ხელმძღვანელობა კლუბში ინვესტიციებს ჩადებდა.

ამან გამოიწვია დაძაბულობა ფანებსა და ეშლის შორის, რაც ამ უკანასკნელის მეპატრონეობის პერიოდს თავიდან ბოლომდე ხაზად გასდევდა.

ქეცბაიამ თქვა: „ძნელია, როდესაც ურთიერთობაში პრობლემაა. მე არ მჯერა, რომ ეშლი კლუბში მის დასანგრევად მივიდა. უბრალოდ, ფული, რომელსაც ის გამოჰყოფდა საკმარისი არ იყო.

არსებობს კლუბის გაძღოლის და პროგრესის მიღწევის უკეთესი გზა? დიახ.

იმედია, რომ მოვა ახალი ხალხი, რომელიც საქმეს სწორად გაუძღვება. მაგრამ, მათ ფულის ხარჯვა მოუწევთ. დიდი ფულის ხარჯვა.

ის ფაქტი, რომ „ლესტერს” შეუძლია გახდეს პრემიერლიგის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგაშიც იბრძოლოს, იმაზე მეტყველებს, რომ ფეხბურთში ყველაფერს მენეჯმენტი წყვეტს. წარმატება მარტო ფულზეც არ არის დამოკიდებული. კლუბს სწორად უნდა უხელმძღვანელო”.

რობერტ ო’კონორი

„სანი”. 2020 წლის 1 მაისი