სერხიო აგუერო ამბობს, რომ პრემიერლიგის ვარსკვლავებს მოედანზე დაბრუნების ეშინიათ. არადა, დღეს 1 მაისია ანუ გაიმართება ლიგის ბოსების შეკრება, რომელთაც უნდა გადაწყვიტონ, როგორ გააგრძელებენ შეწყვეტილ ჩემპიონატს კორონავირუსის პირობებში.
აგუეროსი ეთანხმება „ჩელსის” მცველი ანტონიო რუდიგერიც. მისი აზრით, დღეს, როდესაც ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია, შეჯიბრების განახლება აბსურდია. გერმანელი ძლიერთ ამა ქვეყნისა მოუწოდებს, ჩემპიონის ტიტული პირდაპირ გადასცენ „ლივერპულს”.
კოლეგებს უერთდება „ბრაიტონის” თავდამსხმელი გლენ მარიც, რომლის აზრით პირბადეებით ვარჯიში უბრალოდ სასაცილოა.
აგუერომ დაპოსტა ვიდეო, თუ როგორ ვარჯიშობს სახლში და თქვა:
„ფეხბურთელების უმრავლესობა შეშინებულია. მათ ოჯახები ჰყავთ. მათ შვილები ჰყავთ, პატარა, ჩვილი ბავშვები.
როდესაც ჩვენ მოედანზე დავბრუნდებით, ძალიან დაძაბულები ვიქნებით. მოვიქცევით მეტად ფრთხილად და თუ რომელიმე ფეხბურთელი ავად გახდება, ყველას შეგვეშინდება. „რა მოხდა?” — ვიკითხავთ დაფეთებულები.
კორონავირუსი ახლაც კი მაშინებს, მაგრამ ვინაიდან მხოლოდ ჩემს მეგობარ გოგონასთან ვცხოვრობ და სხვა ხალხს არ ვხვდები, მშვიდად ვარ.
ექიმები ამბობენ, რომ ქუჩაში დადის დაავადებული ხალხი, რომელსაც სიმპტომები არ აქვს. მათ შეუძლიათ ინფექცია გადაგვდონ. განა სწორედ ამიტომ ვრჩებოდი სახლში? იმედი მაქვს, მალე ვაქცინას მოიგონებენ და ეს ყველაფერი დამთავრდება”.
როგორც ზემოთ ვთქვით, დღეს 1 მაისია და პრემიერლიგის 20 კლუბის წარმომადგენელი საკუთრივ ლიგის შეფებთან ერთად იმსჯელებს ჯერ ვარჯიშებისა და შემდეგ შეწყვეტილი ჩემპიონატის აღდგენაზე. გლენ მარის პირბადეებით ვარჯიში ტყუილად არ უხსენებია — ამაზეც იყო ლაპარაკი.
სავარაუდოდ, ფეხბურთელების ტესტირება რეგულარული გახდება და უფრო ფართო სამედიცინო პროტოკოლიც დაიწერება.
დამტკიცდება აგრეთვე ის პუნქტები, რომელთა თანახმად ზოგ სტადიონს შეეძლება თუნდაც უმაყურებლო ფეხბურთის მასპინძლობა, ზოგს კი არა.
„ჩელსის” მცველი ანტონიო რუდიგერი: „მე თუ მკითხავთ, „ლივერპულს” პირდაპირ უნდა გადასცენ ჩემპიონის ტიტული.
პირადად ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება გავაგრძელოთ ფეხბურთის თამაში, მაშინ როდესაც გარშემო ხიფათია და ხალხი კვდება”.
36 წლის გლენ მარი: „ჩვენთვის ვარჯიშის დროს ნიღბების ჩამოცმა სასაცილო და არაბუნებრივი იქნება. ხალხი შუა ვარჯიშის დროს მათ ჩამოიგლეჯს.
მე კარგად მესმის რატომაც უნდათ ჩემპიონატის განახლება. თავადაც ერთ-ერთი მათგანი ვარ, მაგრამ ეს სწორად შერჩეულ დროს და ფაქიზად, გააზრებულად უნდა მოხდეს.
არ მინდა შვილები რისკის ქვეშ დავაყენო. ზოგ ფეხბურთელს კი თოთო, ჯერაც უსუსური ბავშვები ჰყავს.
არიან ფეხბურთელები, რომლებიც ასაკოვან და ავადმყოფ მშობლებთან ცხოვრობენ. მოკლედ, ათასი დაბრკოლებაა და მათ გამო მოედანზე დაბრუნება ნაადრევი მგონია.
რაც შეეხება თხოვნას, რომ ახლა ავიყაროთ და მთელი რვა კვირა ოჯახებისგან შორს ვიცხოვროთ, ეს მეტისმეტია.
მერედა, თუნდაც სასტუმროებში გადაბარგება რანაირი იზოლაცია გამოდის, იქ ხომ სასტუმროს არაერთი თანამშრომელი იქნება?”
აი, „ტოტენჰემის” თავკაცი ჟოზე მოურინიუ კი სხვა ჭკუაზეა. მან თქვა:
„სეზონის გაგრძელება ყველა ჩვენგანისთვის კარგი იქნება. კარგია, როდესაც გვირაბის ბოლოს სინათლე ჩანს.
თუ ცარიელი ტრიბუნების წინაშე გვათამაშებენ, მე ვიფიქრებ, რომ ჩვენ სულაც არ ვართ უმაყურებლოდ. ტელეკამერების მიღმა, ხომ მილიონობით გულშემატკივარი შეგვხედავს”.