დღეს, პრემიერლიგის 20 კლუბის წარმომადგენლებმა სამსაათნახევრიანი ვიდეოკონფერენცია გამართეს. გადაწყდა, რომ თუკი ქვეყნის ხელისუფლება ნებას დართავს, შეწყვეტილი ჩემპიონატი განახლდება უმაყურებლოდ, ნეიტრალურ მოედნებზე.

მოგეხსენებათ, პრემიერლიგის შეფებს და კლუბებს ერთი სული აქვთ როდის განაახლებენ შეწყვეტილ შეჯიბრებას, რადგან მისი ჩავარდნის შემთხვევაში ჯერ ერთი დიდძალი ფული იკარგება და მეორეც, შემდგომი სეზონის გეგმაც ირევა.

ამასობაში, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თქვა, რომ მთელს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შესაძლოა მხოლოდ შემდეგი კვირის ხუთშაბათს შემსუბუქდეს.

კლუბები იმედოვნებენ, რომ საგანგებო მდგომარეობის თანდათანობითი შემსუბუქება მათ საშუალებას მისცემთ 18 მაისს ვარჯიშები, ხოლო 12 ივნისს თამაშები აღადგინონ.

როგორც უკვე ბევრჯერ ითქვა, შეხვედრები უმაყურებლოდ ჩატარდება, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ ახალი გარემოებაც წარმოშვა — სტადიონების მიმართ გაჩნდა საგანგებო მოთხოვნები, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა სარბიელზე ბურთი ვეღარ გაგორდება. გამოდის, რომ ზოგ გუნდს ექნება შინ თამაშის უპირატესობა, ზოგს კი არა. ასეთი ჩიხიდან თავის დაღწევის მიზნით კი კლუბებმა გადაწყვიტეს, რომ თამაშები ნეიტრალურ მოედნებზე ჩაატარონ.

სამი სტადიონი — „ვესტ ჰემი”, „ემირეიტი” და „ეტიჰედი” — აშკარად მოხვდება იმ სარბიელთა სიაში, სადაც პრემიერლიგის დარჩენილი შეხვედრები გაიმართება, მაგრამ „ვესტ ჰემი”, „არსენალი” და „მანჩესტერ სიტი” თავიანთ სტადიონებზე ვერ ითამაშებენ.

პრემიერლიგის კლუბების შემდეგი შეხვედრა ერთი კვირის თავზე, მომდევნო პარასკევს, 8 მაისს გაიმართება.

15 მაისისთვის დანიშნული თათბირი კი 18 მაისისთვის გადაიდო. მიზეზი: კლუბებს სიტუაციაში გასარკვევად და მოსამზადებლად მეტი დრო რომ ჰქონდეთ.