ინგლისური „ექსპრესი” ამბობს, რომ წინასწარ, ექსკლუზიურად მოიპოვა ის რეგულაციები და პროტოკოლები, რომელთაც ინგლისის ჩემპიონატის ბოსები პრემიერლიგის გასაახლებლად აამოქმედებენ.
მათში შედის ისეთი პუნქტები, როგორიცაა მაგალითად, ვარჯიშის დროს სახის პირბადით სავალდებულო შენიღბვა და სხვა.
„ექსპრესი” წერს, რომ როგორც მის მიერ მოპოვებული დოკუმენტებიდან ჩანს, პრემიერლიგამ ქვეყნის ხელისუფლებისგან შეჯიბრების განახლებაზე თანხმობა უკვე მიიღო, ოღონდ, მთავრობა სანაცვლოდ უსაფრთხოების გააზრებულ ზომებს ითხოვს.
ლაპარაკია შეწყვეტილი სეზონის ივნისის შუაში განახლებაზე.
გეგმის თანახმად, პრემიერლიგის გუნდებს ვარჯიშების სრულყოფილად ჩატარების ნება თანდათანობით მიეცემათ და ჩამოყალიბებულ სახეს მაისის ბოლოს მიიღებს.
მას მერე, რაც ვარჯიშები სრულყოფილ სახეს მიიღებს, უკვე შესაძლებელი გახდება თამაშებზე გადასვლა, ოღონდ ყველა სტადიონს ამის ფუფუნება არ ექნება. რასაკვირველია, ლაპარაკია მატჩებზე მაყურებლის გარეშე. შეხვედრები, სავარაუდოდ, ივნისის მეორე კვირაში განახლდება.
ვინაიდან, დღეისათვის ბრიტანეთში კორონავირუსმა 26 771 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, პრემირლიგა ჩაატარებს ფეხბურთელების ინტენსიურ ტესტირებას, რათა მოედანზე ვერ მოხვდეს ვერც ერთი covid-ინფიცირებული ფეხბურთელი.
გუნდები ვარჯიშებს თავიდან მცირე ჯგუფებად დაიწყებენ. რასაკვირველია, ნებისმიერ აღჭურვილობას, რომელსაც ისინი შეეხებიან, სანამ შემდეგი ჯგუფი შეეხება, ჩაუტარდება დეზინფექცია.
ახლა კი უფრო სრულად იმ წესების შესახებ, რომლებიც „ექსპრესმა” მოიპოვა:
- ყოველი ვარჯიშის შემდეგ, ყველა ბურთს, კონუსს, კუთხურის დროშას, კარის ძელს და სხვა აღჭურვილობას დეზინფექცია უნდა ჩაუტაროს საგანგებოდ ჩაცმულმა სპეციალურმა დანაყოფმა;
- ყველა ფეხბურთელს ჩაუტარდება ტესტირება Covid 19-ზე და აგრეთვე შეამოწმებენ ხომ არ აქვს რესპირატორული სიმპტომები, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ამ დაავადებასთან;
- ფეხბურთელებს მუდმივად უნდა ეკეთოთ პირბადეები;
- მანქანები უნდა დააყენონ სამი ადგილის გამოტოვებით;
- არანაირი მასაჟი კლუბის ექიმის ნებართვის გარეშე;
- წყალი განაწილდება დანიშნულ ადგილას;
- უნდა გამოიყენონ მხოლოდ სავარჯიშო ბლოკის ტუალეტები;
- თავიდან ვარჯიშზე ერთად დაიშვება 5 ფეხბბურთელი;
- ფეხბურთელებს ნება ეძლევათ: მოსამზადებლად 15 წუთი. მცირე ჯგუფური ვარჯიშისთვის 75 წუთი და აღდგენისთვის 15 წუთი.
დღეს, ეს პროტოკოლი უნდა დაამტკიცონ პრემიერლიგის კლუბების წარმომადგენლებმა და თავად ლიგამ.
რასაკვვირველია, პროტოკოლს თან ახლავს მკაცრი გაფრთხილებები, რომ ვარჯიშს არავინ უნდა შეუდგეს სანამ ყველაფერს მთავრობა არ დაამტკიცებს. დამტკიცების შემდეგ ყველა მკაცრად უნდა დაემორჩილოს მიღებულ რეგულაციებს.