არიან კარგი ფეხბურთელები, რომელთა სახელიც წლებთან ერთად დავიწყებას მიეცემა ხოლმე. ახლა ერთ ფეხბურთელს გაგაცნობთ, რომელიც საფეხბურთო ისტორიას არასაფეხბურთო გენიალური მიგნებით შემორჩა.
მიკა ლეხკოსუოს კარიერის უდიდესი ნაწილი წინა საუკუნის 90-იანმა წლებმა დაიტია. ამპლუით ნახევარმცველი მიკა ფინეთის ნაკრების ფეხბურთელიც იყო, საკლუბო კარიერაში კი ჰელსინკის „ჰიკს“ უერთგულა. მოგვიანებით ლეხკოსუო ამ კლუბის მწვრთნელიც გახდა და ორჯერ ფინეთის ჩემპიონობა მოაპოვებინა. ისტორიას კი მიკა ფეხბურთელობისას მაისურზე დატანებული ნომრით შემორჩა – 96,2.
საქმე იმაშია, რომ ფეხბურთელმა სარეკლამო კონტრაქტი გააფორმა ერთ-ერთ ადგილობრივ რადიოსადგურთან, რომელიც სწორედ 96,2 მეგაჰერც სიხშირეზე მაუწყებლობდა.
არანაკლებ საოცარია, რომ კლუბის ხელმძღვანელობა დათანხმდა მის თხოვნას და ორიგინალური ნომრით თამაშის ნება დართო.
… ჯერ სად იყო ივან სამორანოს ცნობილი ნომერი 1+8.