ჰონგ-კონგი! აი, სად ეძებენ პრემიერლიგაში მაყურებლის დაბრუნების გასაღებს.

მართალია, ჯერ არავინ იცის, როდის დაბრუნდება ფეხბურთი თუნდაც უმაყურებლოდ, მაგრამ ოდესმე ასეთი რამ ხომ მოხდება და სწორედ ამისათვის ემზადებიან.

ჰონგ-კონგში, „აზია-მსოფლიოს ექსპო” ცენტრში პრეზენტაციისთვის ემზადებიან — მათ მოიგონეს სანიტარული კაბინა, რომელშიც სტადიონზე შესვლის წინ გულშემატკივრებმა უნდა გაიარონ. ჩანაფიქრის თანახმად ეს არის კორონავირუსის გამანადგურებელი, რომელზეც თურმე აქტიურად ფიქრობდნენ.

კაბინა მუშაობს პრინციპით სამი ერთში.

თავიდან ფანები ეკრანის წინ დადგებიან. შესახედავად ეს საპასპორტო კონტროლს ემსგავსება და ეკრანი ადამიანებს სიცხეს გაუზომავს. თუ გაირკვევა, რომ მაყურებელს სიცხე აქვს ანუ შეიძლება კორონავირუსით იყოს ავად, მას შემდეგ ეტაპებზე აღარ გაუშვებენ.

თუ მაყურებელს სიცხე არ ექნება, კაბინა კარს გააღებს და ადამიანი მეორე ეტაპზე, „სანიტარულ გვირაბში” შევა. აქ ულტრაიისფერი სხივები და აეროზოლის შესხურება გულშემატკივრის ტანსაცმელზე დაერევა ყველა შესაძლო ვირუსსა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო მიკროორგანიზმს.

ამ გვრიაბში ადამიანი 12 წამი დაყოვნდება.

„აზია-მსოფლიოს ექსპო” ცენტრის შემდეგი ღონისძიება კი დღევანდელი გადასახედიდან ცოტა ავანტიურისტულად შეიძლება მოგეჩვენოთ. 24 მაისს დაგეგმილი ყოფილა კანადელი ავრილ ლავინის კონცერტი, რომელსაც თითქოსდა 16 000 კაცი უნდა დაესწროს. ეტყობა, ეს კონცერტი ჩაფიქრებულია, როგორც სანიტარული კაბინის გენერალური შემოწმება.

თუ გაამართლებს (რასაკვირველია, თუ ჩატარდება საერთოდ), უკვე შესაძლებელი გახდება მასობრივ წარმოებაზე ფიქრი, თუმცა, ბუნებრივია, რომ ასეთი კაბინების დანერგვა დიდ დისკომფორტთან და ხარჯთან იქნება დაკავშირებული.

რანაირად მოხსნის ეს კაბინა უკვე შიგნით, სარბიელზე, სოციალური დისტანცირებისა და პირბადის ტარების აუცილებლობას, გაუგებარია. კაბინა ხომ გაზომავს სიცხეს და შემუსრავს ტანსაცმელზე მოკალათებულ ვირუსებს, მაგრამ ადამიანის შიგნით დეზინფექციას ვერანაირად ვერ ჩაატარებს. არადა, მაყურებელთა შორის შეიძლება იყოს ხალხი, რომელთაც covid 19 სჭირთ, მაგრამ სიცხე არ აქვთ.

თუმცა, ჩინეთში შეიძლება ყველაფერზე ჰქონდეთ პასუხი.