ინგლისური საფეხბურთო პრემიერლიგა მორიგ კონფერენციას 1 მაისისთვის გეგმავს. უმთავრესი საკითხი, ბუნებრივია, სეზონის განახლება იქნება. მედიაში გაჟონილი ინფორმაციით, შესაძლოა ეს 8 ივნისიდან მოხდეს. ასეთ შემთხვევაში ივლისის ბოლომდე ტურნირის ჩამთავრება უპრობლემოდ მოესწრება.
დიდი ბრიტანეთის მინისტრმა ციფრული ტექნოლოგიების, კულტურის, მედიისა და სპორტის საკითხებში ოლივერ დაუდენმა განაცხადა, რომ აგრძელებს მუშაობას პრემიერლიგის კლუბებთან და თუ საერთო მდგომარეობა ამის საშუალებას მისცემთ, ალბიონზე ფეხბურთი ივნისში დაბრუნდება.
თავის მხრივ, ინგლისის ფეხბურთის ლიგამ აიღო ვალდებულება, მანამდე დეტალურად შეამოწმოს ყველა ფეხბურთელისა და მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ტესტირება კვირაში ორჯერ ჩატარდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთი ტესტი 172 ევრომდე ღირს და თითო კლუბს 50 ტესტი დასჭირდება, საერთო დანახარჯი 4,6 მილიონ ევროს გადააჭარბებს. ამან აღაშფოთა ინგლისის სამედიცინო საზოგადოების ნაწილი. მათი აზრით ამ თანხის და ტესტების სხვა მიმართულებით გამოყენება დღეს გაცილებით მნიშვნელოვანია.
