უეფამ ევროპული ლიგების შეფებს ოთხი კვირა მისცა. ამ დროის განმავლობაში მათ ჩემპიონატის განახლების გეგმა უნდა წარადგინონ. დირექტივები პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა და გენერალურმა მდივანმა თეოდორე თეოდორიდისმა გასცეს.

არადა, გერმანიაში თითქოსდა ყველაფერი უკვე ჩამოწერილი იყო და ბუნდესლიგას 9 მაისს ბურთიც უნდა გაეგორებინა, მაგრამ საქმეში ქვეყნის ვირუსოლოგები ჩაერიენ, რომელთაც თქვეს, რომ მაისში covid 19 კვლავ საშიში იქნება და ფეხბურთელები რისკის ქვეშ დადგებიან.

რაც შეეხება იტალიას, აქ ჩემპიონატის განახლების გეგმებს უბრალოდ უმწიფარი უწოდეს.

აქამდე არაერთხელ დაიწერა, რომ უეფას ეროვნული ჩემპიონატების დასრულება 2 აგვისტოს სურს, რათა მერე ჩემპიონთა და ევროპის ლიგებიც განაახლოს და აგვისტოშივე მოამთავროს, მაგრამ  ეტყობა რაღაც შეიცვალა. უეფას ბოლო ცირკულარი ერთგვარად სახეშეცვლილია. კერძოდ, იქ წერია:

„ეროვნული ასოციაციები და/ან ლიგები უეფასთან მოსალაპარაკებლად მზად 25 მაისისთვის უნდა იყვნენ. მათ შემუშავებული უნდა ჰქონდეთ ეროვნული ჩემპიონატების განახლების გეგმა თარიღებისა და შეჯიბრების ფორმატის გათვალისწინებით”.

ეს რას ნიშნავს, ყველა ქვეყნის გეგმა გაუქმდა და საერთო თათბირი 25 მაისს დაინიშნა?

ამ ეტაპზე უეფას საუკეთესო გამოსავლად ჩემპიონატების ისე დამთავრება მიაჩნია, რომ სამართლიანად გაირკვევს, თუ რომელი ქვეყნიდან რომელი გუნდები მიიღებენ მომავალი სეზონის ევროტურნირებში მონაწილეობას. რაც შეეხება ტიტულებს, თქვენი ჩემპიონი ყველამ თვითონ გაარკვიეთო.

უეფამ აგრეთვე დააყოლა, რომ განახლდება ჩემპიონატები თუ არა, უპირველეს ყოვლისა ჯანდაცვის სამინისტროების (ამ უწყებას სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელი ჰქვია) გადასაწყვეტია და თუკი ექიმები ფეხბურთელებს თამაშს აუკრძალავენ, მაშინ მომავალი სეზონის ევროტურნირების მონაწილეთა ვინაობა, ყოველ ქვეყანაში დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, ოღონდ სამართლიანად უნდა გაირკვესო.

გერმანელი ვირუსოლოგი, პროფესორი უვე ლიბერტი: „ჩვენ არაფერი ვიცით covi 19-ის გრძელვადიანი ეფექტის შესახებ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ინფექციის აღმოჩენა 48 საათის შემდეგ შეიძლება.

ამიტომ, ყველა ადამიანი, ვინც ფეხბურთელებთან კონტაქტში შევა (თუკი ჩემპიონატები განახლდება), პირველი ხარისხის კონტაქტად ჩაითვლება და კარანტინში უნდა წავიდეს”.

იტალიაში მსგავსი სულისკვეთებით გამოვიდა სპორტის მინისტრი ვინჩენცო სპადაფორა: „გავაგრძელებთ თუ არა ჩემპიონატს, მხოლოდ მას მერე გადაწყდება რაც საერთო პროტოკოლი შემუშავდება”.

და კიდევ, სპადაფორამ თქვა, რომ თუკი კორონავირუსი თუნდაც ერთ ფეხბურთელს აღმოაჩნდება, ჩემპიონატები უბრალოდ უნდა გადაიდოს.

ასე რომ, კორონაარეულობა გრძელდება.