ტოგოელმა ექსცენტრიულმა ვარსკვლავმა, ემანუელ ადებაიორმა, საფეხბურთო საზოგადოება კიდევ ერთხელ გააოცა, როცა ორიოდ დღის წინათ განაცხადა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისათვის ერთ ცენტსაც არ გაიღებს. არადა, ემანუელი თავისი ქველმოქმედებითა და თავისი ქვეყნისათვის ბევრი კეთილი საქმის კეთებით ცნობილი კაცია.

„ვინც ამბობს, რომ პანდემიის წინააღმდეგ არ ვქველვმოქმედებ, მინდა ვუთხრა, რომ ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მსურს. იმას ვჭამ, რაც მესიამოვნება. მოგვიანებით გამოჩნდება ხალხი, ვინც გამაკრიტიკებს, მაგრამ ეს სულაც არ მაინტერესებს…“

საერთოდ, „არსენალის“, „მანჩესტერ სიტისა“ და „ტოტენჰემის“ ყოფილ თავდამსხმელს, რომელიც ამჟამად კოლუმბიური „ოლიმპიას“ ღირსებას იცავს, როგორც ჭეშმარიტ აფრიკელს, ზებუნებრივი ძალებისა და ჯადოქრობებისაც სჯერა. მაგალითად, კარგა ხანს ამტკიცებდა – დედაჩემი შავი მაგიის მიმდევარიაო.

თავის ფებურთელობასაც ზეციურ ძალებს უკავშირებს.

„ოთხ წლამდე საერთოდ ვერ დავდიოდი და დედაჩემი სად აღარ დამატარებდა სამკურნალოდ. მერე სასწაული მოხდა. ეკლესიაში ვიყავი. დილის ცხრა-ათი საათი იქნებოდა, ბავშვების ხმა გავიგე, რომლებიც იქვე, ეზოში ფეხბურთს თამაშობდნენ. უცებ ვიღაცამ დაარტყა,  ბურთი ეკლესიისკენ გადმოვარდა, წამოვხტი და პირველი, ვინც მისკენ გაიქცა, მე ვიყავი, ძალიან მინდოდა, ყველასათვის დამესწრო.“

განგებას უკავშირებს თავის გადარჩენასაც, როცა 2010 წელს, ტოგოს ნაკრების ავტობუსს ანგოლელი ტერორისტეი დაესხნენ თავს, შედეგად მძღოლი დაიღუპა, ცხრა ადამიანი კი დაიჭრა, მათ შორის, ორი ფეხბუთელი.

ამიტომ არის, რომ ქველმოქმედებასაც მიჰყო ხელი.

ეგ არის, რა დაუშავა კორონავირუსმა, ჯერ გაურკვეველია.