27-30 აპრილს „მსოფლიო რაგბის“ ახალი თავმჯდომარის არჩევნების დღეებია. ცხადია, კენჭისყრა ელექტრონული, დისტანციური მეთოდით გაიმართება და როგორც დღეისთვისაა ცნობილი, ორ კანდიდატს თანაბარი შანსები აქვს.
წარსულში ინგლისის ნაკრების ვარსკვლავი მესამეხაზელი, სერ ბილ ბომონტი კონსერვატიული შეხედულებებითაა ცნობილი და მხოლოდ არჩევნების წინ საუბრობს ხოლმე განვითარებადი სარაგბო ერების ხელშეწყობაზე, რეალურად კი ამ მიმართულებით თავს დიდად არ იწუხებს.
აი, მისი კონკურენტი და არანაკლებ ვარსკვლავური წარსულის მქონებ არგენტინელი 9 ნომერი აგუსტინ პიჩოტიკი, ბომონტის მოადგილის პოსტზე მოღვაწეობისას მართლაც ყველაფერს აკეთებდა, ტიერ 1-ის ქვეყნების პრივილეგირებულობას ბოლო რომ მოღებოდა. არადა, არგენტინა სარაგბო ელიტაშია, თუმცა პიჩოტს კარგად ახსოვს, რამდენი იწვალა მისი სამშობლოს სარაგბო თემმა, ვიდრე ბობოლები ტოლ-სწორად თუნდაც დაელაპარაკებოდნენ. მას არაერთხელ ხაზგასმით უთქვამს, რომ საქართველომ უკვე გაიარა არგენტინის გზა და კარგა ხანია, აღიარებას იმსახურებს, მაგრამ სარაგბო კონსერვატიზმს ჯერჯერობით მანაც ვერაფერი დააკლო.
ამასობაში, საქართველოში გავრცელდა ცნობები, თითქოს ქვეყნის რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე არჩევნებში ბომონტის მხარდამჭერთა ბანაკში იქნებაო. ამ პარადოქსულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ბატონმა სვანიძემ თავად გააკეთა კომენტარი:
„მსოფლიო რაგბის“ მოთხოვნით, ყველა კავშირს ეკრძალება არჩევნების წინ პოზიციის დაფიქსირება საჯაროდ. შესაბამისად, საქართველოს რაგბის კავშირი ამ კითხვაზე პასუხს ვერ მოგცემთ. მედიაში გავრცელებულ ვარაუდს, თითქოს საქართველოს რაგბის კავშირი მხარს უჭერს მსოფლიო რაგბის მოქმედ პრეზიდენტს, საფუძველი არ გააჩნია. ეს არის ჭორი, ვინაიდან საქართველოს რაგბის კავშირს არსად ასეთი განცხადება არ გაუკეთებია. ჩვენ მხარს დავუჭერთ მსოფლიო რაგბის რადიკალურ რეფორმებს, რომელიც, გარდა იმისა, რომ რაგბის მსოფლიოში მზარდ პოპულარობას მოემსახურება, ასევე შეამცირებს ე.წ. პირველი და მეორე დონის ქვეყნებს შორის დაფინანსების სხვაობას და ქართული რაგბის უფრო მეტი ტემპით განვითარებისკენ იქნება მიმართული,“ – განაცხადა გოჩა სვანიძემ.