რომის „ლაციოს“ პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო თანახმაა, სკუდეტოს ბედი „ლაციოსა“ და „იუვეს“ შორის ერთმა მატჩმა გადაწყვიტოს:
„რა ქმა უნდა, ეს ვარიანტი მისაღებია. ჩემპიონატის განახლება ჩვენ გარკვეულწილად გვაზარალებს. თავის დროზე ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ერთბაშად სამ ფრონტზე ბრძოლა გაგვიჭირდებოდა და უფრო მნიშვნელოვან მიზანს ევროპის ლიგა შევწირეთ. ეს უპირატესობას გვანიჭებდა, რადგან კვირაში ერთი მატჩი გვიწევდა, ჩვენს მეტოქეებს კი ორი. თუ სეზონი განახლდება და შეკვეცილ ვადებში გაიმართება, ჩვენც კვირაში ორჯერ უნდა ვითამაშოთ. ამით უპირატესობას ვკარგავთ. შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში „იუვეს“ ჩემპიონატშიც და სუპერთასზეც 3:1 მოვუგეთ, წინ კი ერთი მატჩიც გველის. სამართლიანი იქნებოდა ტიტულის ჩვენს შორის გათამაშება, რადგან „ინტერი“ და „ატალანტა“ 8 და 14 ქულით ჩამოგვრჩებიან.“
შეგახსენებთ, რომ 26 ტურის შემდეგ „იუვენტუსს“ 63 ქულა აქვს, „ლაციოს“ კი ერთი ქულით ნაკლები.
ტურინიდან ერთმატჩიან დუელზე ჯერ კომენტარი არ ისმის, მაგრამ სამართლიანობისთვის ისიც ვთქვათ, რომ დარჩენილი შეხვედრა გუნდებს ტურინში უწევდათ.