ოცდაათი წელი გავიდა მას მერე, რაც რომის „სტადიო ოლიმპიკოზე”, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, არგენტინამ გერმანიასთან 0:1 წააგო. იმ დღეს, მოედანზე, ყველაზე შესამჩნევი ფიგურა დიეგო მარადონა იყო. ამ შემთხვევაში შესამჩნევი უფრო ქცევით, ვიდრე თამაშით — ბუმბერაზ ფეხბურთელს კარიერაში იმდღევანდელზე ძლიერადაც უთამაშია.
შეხვედრის ბედი კი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც გერმანელებმა პენალტით გაიტანეს და ამ პენალტზე დღემდე დაობენ.
შეხვედრის მსაჯი გახლდათ წარმოშობით არგენტინელი(!) და დაბადებით ურუგვაელი ედგარდო კოდესალ მენდესი, რომელიც 1990 წლის მუნდიალზე… მექსიკის სახელით სჯიდა. მას 30 წლის წინანდელ ამბებთან თავისი მოგონებები აკავშირებს. ურუგვაის რადიო Radio 1010-თვის მიცემულ ინტერვიუში ედგარდო კოდესალმა თქვა:
„მე მისი გაძევებაც შემეძლო, რადგან სიტყვა დისციპლინის მნიშვნელობა არ ესმოდა. როდესაც პედრო მენსონს წითელი ბარათი ვაჩვენე, მომვარდა და ღრიალი დამიწყო. იძახდა, რომ ფიფა შეიარაღებულ ძარცვას ეწეოდა.
მაშინვე შემეძლო მისი გაგდება.
ის არის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ადამიანი, რომელიც ცხოვრებაში შემხვედრია.
მეტიც, წესები მკაცრად რომ დამეცვა, მარადონა ჯერ კიდევ თამაშის დაწყებამდე უნდა გამეძევებინა. მიზეზი: მან მთელს სტადიონს შეურაცხყოფა მიაყენა.
(არგენტინის ჰიმნზე ტრიბუნებიდან სტვენა გაისმა, რაზეც მარადონამ შუა თითი აჩვენა).
მე შევეცადე დამეწყნარებინა და ამეხსნა, რომ ის მოთამაშეა. მაგრამ, მარადონა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო და ვერ მიხვდა რა ვუთხარი.
თუმცა, როგორც ფეხბურთელი დიდებული გახლდათ. ის იყო სრულყოფილი ლიდერი. მოედანზე სულს და გულს ტოვებდა.
როგორც ფეხბურთელს მე მას უდიდეს პატივს ვცემ და სრულიად ვეთაყვანები”.