პიერ-ემერიკ ობამეიანგის მყიდველთა რიგში პირველი „ინტერია”, „არსენალი” კი მზად არის თავისი 30 წლის კაპიტნის მთხოვნელებს მოუსმინოს და ევაჭროს. კლუბმა თავდამსხმელთან ახალი მოლაპარაკებები გასული კვირის ბოლოს შეწყვიტა. ობამეიანგის ფასად 56 მილიონი გირვანქაა დათქმული.

გაბონელს ჩრდილოლონდონელებთან კონტრაქტის ვადა გაისად ამ დროს ეწურება. ამიტომ, კლუბმა გადაწყვიტა ფეხბურთელი ახლავე გაყიდოს, თორემ ერთ წელიწადში მასში კაპიკს ვეღარ აიღებს.

ზემოთ „ინტერი” ვახსენეთ. ცნობილია, რომ „ნეროაძურის” მწვრთნელი, ინგლისური ფეხბურთის კარგ მცოდნეს ანტონიო კონტეს ობამეიანგი მოსწონს, და მისი „სან სიროზე” ნახვა სურს. ფორვარდიც მზადაა მოუსმინოს კონტეს შეთავაზებას.

სავარაუდოდ, „ინტერს” ვაჭრობაში ხელს შეუშლიან „მანჩესტერ იუნაიტედი”, „ჩელსი”, „რეალი” და „ბარსელონა”, რომელთაც შესაძლოა კონტეზე ნაკლებ, მაგრამ მაინც სურთ გაბონელის შეძენა.

ობამეიანგის ასაკმა კი არ დაგაბნიოთ. სანამ კორონავირუსის გამო ინგლისში სეზონი შეწყდებოდა, ის ჩინებულ ფორმაში იყო. ბომბარდირთა დავაში გაბონელი ლესტერელი ჯეიმი ვარდის შემდეგ 17 გოლით მეორე ადგილზე იყო — ლიდერს 2 გოლით ჩამორჩებოდა.

ერთადერთი, რამაც მყიდველი კლუბები შეიძლება დააბრკოლოს, ობამეიანგის ჯამაგირია. „არსენალში” ის კვირაში 200 000 გირვანქას იღებს. მეტიც, სანამ „მეთოფეებთან” მისი მოლაპარაკებები შეწყდებოდა, ფეხბურთელი ამ ხელფასის გაზრდას ითხოვდა. ასე რომ, მადა დიდი აქვს.

და „არსენალში” ვინ შეცვლის ობამეიანგს თუკი ის სხვაგან გადავა?  ამბობენ, რომ ეს „რეალის” 22 წლის სერბი თავდამსხმელი ლუკა იოვიჩი იქნება, თუმცა, ვეტერანი ინგლისელი ვარსკვლავი, დღეს ტელემიმოხილველი რიო ფერდინანდი „მეთოფეებს” ამ ნაბიჯის გადადგმას არ ურჩევს.

„თეორიულად, იოვიჩი ის ფეხბურთელია, რომელიც „მეთოფეებს” რაღაცას შემატებდა, მაგრამ დღევანდელ „არსენალს” ამ ამპლუის ფეხბურთელი არ სჭირდება. ჩრდილოლონდონელებს ყველაზე მეტად ნახევარდაცვის ცენტრში უჭირს. საჭიროა ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც თავის დაცვაც შეუძლიათ და შეტევაში თამაშიც. დღეს მე გუნდში სწორედ ასეთების საჭიროებას ვხედავ.

„არსენალი” ბრწყინვალე კლუბია, მაგრამ იოვიჩი არ სჭირდება. ის სხვა ხაზებში უნდა გაძლიერდეს”.