პრემიერლიგის დაბრუნებაზე უკვე ისე ინტენსიურად ლაპარაკობენ, რომ როგორც ჩანს მალე ინგლისში ბურთი მართლა გაგორდება. ამჯერად, დაიწერა, რომ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი თავადაც ემხრობა შეწყვეტილი სეზონის განახლებას და სეფე სიტყვას 7 მაისს იტყვის.
კორონავირუსის პანდემიამ ალბიონზე ჩემპიონატი მარტის დასაწყისში გააჩერა, მაგრამ ახლა გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა, ოღონდ… რასაკვირველია უმაყურებლოდ.
მაყურებელთან დაკავშირებით: არსებობს ჯანმრთელობისა და კულტურის სამინისტროების მკაცრი რეკომენდაცია, რომ პრემიერლიგის დარჩენილი 9 ტურის შეხვედრები უფასო მაუწყებელმა გადასცეს. ხელისუფლება შიშობს, რომ თუკი ფეხბურთი კვლავ „სკაი სპორტით” და „BT სპორტით” გადაიცემა, ხალხი, ვისაც ეს ფასიანი არხები არ აქვს, თამაშების სანახავად ახლობლებთან გაიქცევა და კორონავირუსის გავრცელების საფრთხე გაიზრდება.
ჯერჯერობით არაფერს ამბობენ, სეზონის განახლების შემთხვევაში რა ეშველება დაახლოებით მილიარდამდე გირვანქას, რომელიც ხსენებულ ორ ციფრულ სატელევიზიო კომპანიას პრემიერლიგისთვის უკვე გადახდილი აქვს. თუ ტრანსლაციას სხვა მოაწყობს, ცხადია, ისინი თავიანთი ფულის დაბრუნებას მოითხოვენ. ინგლისურ მედიაში აქამდე, ამაზე ძალიან ამახვილებდნენ ყურადღებას.
სამაგიეროდ, ახლა აქცენტი იმაზე დასვეს, რომ რაც უფრო მალე განახლდება ჩემპიონატი, მით უფრო მალე გაიხსნება სატრანსფერო ბაზარი, რაც დიდი საფეხბურთო ბიზნესის საკვანძო ნაწილია.
რაც შეეხება ინგლისის საფეხბურთო ლიგას, ანუ ორგანიზაციას, რომელიც ქვედა ეშელონის პირველობებს ატარებს, მას ფინანსური და ლოჯისტიკის მიზეზებით, პრემიერლიგასთან შედარებით ცოტა შეყოვნება მოუწევს.
კიდევ ერთი საკითხი: პრემიერლიგის თამაშების განახლებას წინ აუცილებლად უნდა უძღოდეს ფეხბურთელების (აგრეთვე მწვრთნელების და სხვა პერსონალის) ტესტირების მოწესრიგება. გასაგებია, რომ ეს ტესტირება უნდა გაიმართოს ხშირად, რეგულარულად და მთელი ხარჯი თავად კლუბებმა უნდა იკისრონ.
ამრიგად, როგორც ჩანს, ინგლისი გახდება მეორე ევროპული ქვეყანა, რომელიც შეწყვეტილ ჩემპიონატს განაახლებს. პირველი გახლავთ გერმანია, სადაც ბურთის გაგორებას 9 მაისს აპირებენ.
ინგლისისა და გერმანიისგან განსხვავებით, ჰოლანდიამ და ბელგიამ თავიანთი პირველობები დასრულებულად გამოაცხადეს.
პრემიერლიგის აღდგენის წინ, ფეხბურთელებს, სავარაუდოდ, ვარჯიშისთვის ორ კვირას გამოუყოფენ.