ამ ზაფხულს, „მანჩესტერ იუნაიტედისგან” დიდ სატრანსფერო აქტიურობას ელოდნენ, მაგრამ კლუბის ვიცე-თავმჯდომარემ ედ ვუდვორდმა თქვა, კორონავირუსის პანდემიის გამო სრულიად შესაძლებელია ფეხბურთელების ბაზრობაზე ძალიან წყნარად მოვიქცეთო.
უფრო ზუსტად, ვუდვორდმა თქვა, რომ მისი აზრით, ფულის ხარჯვისგან თავს მარტო „მანჩესტერ იუნაიტედი” კი არ შეიკავებს, არამედ, ზოგადად, ფეხბურთის კლუბები შეიკავებენ, რადგან ისინი ფინანსურად დაზარალდნენ.
ვერ გეტყვით, ასეთი განცხადებით „ოლდ ტრეფორდის” შეფი თავის მომჭირნეობას ამართლებს თუ რეალურ სურათს ხატავს. ერთი ფაქტია, თავის მხრივ, პრემირლიგა შეწყვეტილი შეჯიბრების აღდგენას ეშურება და ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ის მოაქვს, რომ კლუბებს ფეხბურთელები ჰყავთ საყიდელი და გასაყიდი — სეზონს დროზე უნდა მოვრჩეთ, რომ სატრანსფერო ბაზარი გავხსნათო
და მაინც, როგორც ჩანს, „მანჩესტერ იუნაიტედი” ამ ზაფხულს დიდი ხარჯისგან თავს შეიკავებს. ინგლისის ოცგზის ჩემპიონი „ლივერპულთან” და „მანჩესტერ სიტისთან” შემადგენლობით გატოლებას მომავლისთვის გადადებს.
არადა, ინტენსიურად ლაპარაკობდნენ, თითქოს მანკუნიანელები „დორტმუნდისგან” ჯეიდონ სანჩოს ყიდვას აპირებდნენ და მეტიც, „ტოტენჰემისთვის” თვით ჰარი კეინის წართმევაც კი ჰქონდათ მიზნად დასახული. თითქოს, ამ საქმისთვის „ოლდ ტრეფორდზე” 100 მილიონი გირვანქაზე მეტი იყო გადადებული.
ვუდვორდი: „ფეხბურთი დღეს ისეთ გამოცდას გადის, რომ რაიმე ილუზია არავინ არ უნდა შეიქმნას. დიდი შანსია, ბევრი კლუბისთვის ბიზნესი ძველებურად ვეღარ ამუშავდეს და ამას რომ ვამბობ, „მანჩესტერ იუნაიტედსაც” ვგულისხმობ.
რასაკვირველია, ჩვენი მთავარი ამოცანა კვლავ გუნდის გაძლიერება და ტიტულების მოგებაა, მაგრამ ჯერ უნდა შევხედოთ, რა გავლენა იქონია პანდემიამ ზოგადად ფეხბურთზე. აქ ვგულისხმობ, როგორც კონკტერულად სატრანსფერო ბაზარს, ასევე გაცილებით უფრო ფართო ფინანსურ მდგომარეობას. სანამ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით, მოვალენი ვართ ყველაფერი კარგად ავწონ-დავწონოთ.
სწორედ ამის გამო, როდესაც მესმის ლაპარაკი ამა თუ იმ კონკრეტული ფეხბურთელის ყიდვისა და ასეულობით მილიონი გირვანქის გადახდის შესახებ, ვერაფერს ვამბობ. ეს ყველაფერი შესაძლოა ძალიან ცდებოდეს იმ რეალობას, რომელშიც სპორტი ჩავარდა.
აგრეთვე, მინდა დიდი სიხარულით ავღნიშნო, რომ ჩვენმა წარმატებულმა ბიზნესმა სოციალური პასუხისმგებლობებისთვის თავის გართმევის საშუალება მოგვცა. ყოველთვის გვწამდა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” კომერციული მოდელი სხვა კლუბებისას სჯობდა და გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს კომერციულ პარტნიორებს, რომლებმაც ამაში ხელი შეგვიწყვეს”.
ბოლოს, ედ ვუდვორდმა თქვა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი” შეწყვეტილი სეზონის რაც შეიძლება მალე აღდგენას მიესალმება და ხელისუფლებასთან მუდმივ დიალოგშია. ალბათ, იგულისხმება, რომ პრემიერლიგის სხვა კლუბებთან ერთად.