ლა ლიგის ფეხბურთელები შეწყვეტილი ჩემპიონატის განახლებას დიდი სიფრთხილით ეკიდებიან, ასე რომ ხმები იმის შესახებ, თითქოს ესპანეთში მალე ისევ ათამაშდებიან, როგორც ჩანს გადაჭარბებულია. მართლაც, იბერიის ნახევარკუნძულზე კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა ჯერ ისევ მაღალია.

როგორც კატალონიური „სპორტი” წერს, პრიმერადივიზიონის კლუბების კაპიტნებმა თავიანთი სიფრთხილის შესახებ ესპანეთის ფეხბურთელთა ასოციაციას ვიდეოკონფერენციაზე გამოუცხადეს.

აქ არ არის ლაპარაკი კაპიტნების მიერ ფარული კენჭისყრით მიღებულ რაიმე გადაწყვეტილებაზე. მათ ერთმანეთთან მუდმივი კავშირი აქვთ და პირდაპირ აცხადებენ, რომ ჩემპიონატის გაგრძელებაზე თანხმობას მხოლოდ მთავრობის ნებართვისა და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გარანტიების შემთხვევაში განაცხადებენ.

მათი ღრმა რწმენით, 11 მაისს ვარჯიშების აღდგენაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება.

როგორც „სპორტი” წერს, კაპიტნებმა ესპანეთის ფეხბურთელთა ასოციაციას საყვედური უთხრეს. ისინი აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ოჯახებს ვერ დატოვებენ და საწვრთნელ ბაზებსა და სასტუმროებში ვერ დასახლდებიან.

მათ აგრეთვე დაიწუნეს გეგმა, რომლის თანახმადაც ფეხბურთელებს უნდა ჩაუტარდეთ ხშირი, რეგულარული ტესტირება და იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება, რომ თუნდაც ერთი მათგანი covid 19-ით არის ავად, სეზონი კვლავ უნდა შეწყდეს.

„სპორტი” აგრეთვე წერს, რომ ერთმანეთთან რეგულარული კავშირი აქვთ კლუბების ექიმებს, რომლებიც შემდეგ თავიანთ ფეხბურთელებს უტარებენ კონსულტაციებს.

ექიმები და კაპიტნები დიდ აქცენტს აკეთებენ სტუმრად ჩასატარებელ შეხვედრებზე. ესპანეთში არსებობს კორონავირუსით მეტად და ნაკლებად დაზარალებული რეგიონები. ბევრმა კაპიტანმა გამოაცხადა, რომ ბარსელონასა თუ მადრიდში ჩასვლა არ უნდათ.