ეს იქნება ფეხბურთი, მაგრამ, ჩვენ რომ ვიცნობდით, ის აღარასოდეს დაბრუნდება.
ფეხბურთი, სხვა გახდება გულშემატკივრებისთვის, რომელთაც ამიერიდან, 2020 წლის ბოლომდე და ალბათ, ერთხანს მერეც, შინიდან მოუწევთ თამაშების ნახვა. მაგრამ, ის კიდევ უფრო მეტად შეიცვლება მოთამაშეებისა და მწვრთნელებისთვის, პერსონალისთვის, ავტობუსის მძღოლებისა და დაცვის თანამშრომლებისთვისაც კი.
პრემიერლიგის შეფებმა პირობა დადეს, რომ როგორც კი ხელისუფლება მწვანეს აუნთებთ, შეწყვეტილ ჩემპიონატს მყისვე განაახლებენ.
გერმანიაში კი, გუშინ, ბუნდესლიგისა და მეორე ბუნდესლიგის 36-მა კლუბმა მზადყოფნა გამოთქვა, თამაშები 9 მაისს აღადგინონ, თუ, რასაკვირველია, მათაც, ამის ნებას მთავრობა დართავს. ოღონდ, ბუნდესლიგის ბოსებმა აგრეთვე შეიმუშავეს ინსტრუქციების მთელი სია, რომელსაც მალე წერილობითი სახით წარმოადგენენ და რომლის შესრულებაც ყველასთვის სავალდებულო იქნება.
ამ მოთხოვნების მასშტაბი თვალსაჩინოდ გვაჩვენებს, თუ როგორ გადასხვაფერდება ფეხბურთი კორონავირუსის შემდეგ. ერთხელაც მოხდება ის, რაც „სქაი სპორტმა” 1992 წელს, პრემიერლიგის დაფუძნების წინ უკვე თქვა — „ფეხბურთი მთლიანად შეიცვლება”.
გერმანელებს ყველაფერი გაწერილი აქვთ, დაწყებული იმით, თუ როგორი რეჟიმი უნდა იყოს საწვრთნელ მოედანზე, დამთავრებული სტადიონზე შესაშვები ხალხის რაოდენობით და წესით.
ინგლისში ორიოდ პუნქტის შეცვლას კი აპირებდნენ, მაგრამ ჯანმრთელობის დაცვის უპირველესი მნიშვნელობის საკითხად გადაქცევამ, პრემიერლიგის შეფებს შეიძლება ახალი გერმანული რეგულაციების „კოპი-პეისტით” გადაღება აიძულოს.
ამიერიდან, გერმანიაში, სანამ ვინმეს სტადიონზე შეუშვებენ, საფუძვლიანად შეამოწმებენ, რათა მოედანზე ინფიცირებული ფეხბურთელის ან მსაჯის მოხვედრა გამოირიცხოს.
ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა, ვინც მატჩის დღეს სტადიონზე უნდა შევიდეს — გერმანელების გამოთვლით მათი საერთო რაოდენობა 322-თან იტრიალებს — ვალდებული იქნება დაამტკიცოს, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში კორონავირუსის სიმპტომი არ ჰქონია და წარმოადგინოს ჩატარებული ტესტების შედეგები.
გასახდელები აღჭურვილი იქნება ჰიგიენური საგნებით და ფეხბურთელების შესვლის წინ მათ ჩაუტარდება დეზინფექცია.
სოციალური დისტანციის უმნიშვნელოვანესი მოთხოვნებიდან გამომდინარე, კლუბებს სთხოვენ გუნდები სტადიონზე რამდენიმე ავტობუსით მიიყვანონ. ფეხბურთელები და პერსონალი ერთმანეთისგან განაცალკევონ.
თუ კლუბი ამას ვერ შეძლებს, მაშინ ავტობუსიდან პირბადის გარეშე არავის ჩამოუშვებენ.
ყველა ავტობუსი უნდა იყოს სტერილიზებული, დეზინფექცირებული. მასპინძელი გუნდის ფეხბურთელებს ურჩევენ სტადიონზე თავიანთი მანქანებით მივიდნენ, მაგრამ თუკი რაიმე მიზეზის გამო ორივე გუნდი სათამაშოდ ავტობუსით მიდის, მაშინ მათ მისვლათა შორის დიდი დროითი ინტერვალი უნდა დაიცვან.
ამის მიუხედავად, გუნდები გასახდელში სხვადასხვა მარშრუტით უნდა შევიდნენ და მათ შორის უნდა იყოს შეძლებისდაგვარად დიდი მანძილი.
სტადიონებს რეკომენდაციას უწევენ, გასახდელი სივრცე ისე გადააკეთონ, რომ ძირითადი შემადგენლობა, მეკარეები და სათადარიგოები სხვადასხვა ოთახებში მოხვდნენ.
ამის შემდეგ, აუცილებელია, რომ გუნდებმა გასახდელებში რაც შეიძლება ცოტა ხანი დაჰყონ, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდური შეკრებებისთვის მათ სტადიონის ტერიტორიაზე უნდა გამოუყონ ყველაზე დიდი ოთახები.
გასახდელებში ფეხბურთელებს შეუძლიათ სახლიდან მიიტანონ თავიანთი საჭმელი, ოღონდ არავის უნდა გაუყონ.
მათ აგრეთვე უნდა ჰქონდეთ თავიანთი სახელებით მონიშნული წყლის ბოთლები. თუ რომელიმე ფეხბურთელს ტრენაჟორზე ვარჯიში დასჭირდება, მან უნდა ჩაიცვას ხელთათმანი და გაიკეთოს პირბადე. ვარჯიშამდე, ტრენაჟორებს უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია.
მასაჟის მაგიდები ერთმანეთს მაქსიმალურად უნდა დააშორონ, ხოლო ულტრაბგერითი აღჭურვილობები ყოველი გამოყენების შემდეგ გაწმინდონ.
ვინაიდან, ვირუსი კარის სახელურზე რამდენიმე საათს ძლებს, ყველა ოთახის კარი უნდა იყოს შეძლებისდაგვარად ღია.
ასეთივე სიმკაცრის რეგულაციები დაწესდება საწვრთნელ ბაზებზე, სადაც ფანების მისვლა აიკრძალება და დაიდგმება ხელის სადეზინფექციო დამატებითი საშუალებები.
ფეხბურთელებს გამოუცხადებენ, რომ მათი კონტროლი ამიერიდან არნახულად გამკაცრდება.
რაც შეეხება გასახდელიდან მოედანზე გასვლას: გუნდებისთვის გასახდელიდან მოედანზე გასასვლელად უნდა მოეწყოს სხვადასხვა გვირაბი. ისინი მოთელვაზე უნდა გავიდნენ მცირე ჯგუფებად, რათა ერთდროულად ბევრი ადამიანი არ დაგროვდეს.
ბუცებს და სხვა აღჭურვილობას მსაჯები გასახდელებში შეამოწმებენ და გუნდები მოედანზე (თამაშის წინ) სხვადასხვა დროს გავლენ.
რასაკვირველია, აღარ იქნება „მოთამაშეთა ესკორტები” (ბავშვები) და თილისმები. ფეხბურთელები აღარც მატჩისწინა ფოტოებს გადაიღებენ და არც ხელის ჩამოსართმევად დაუვლიან ერთმანეთს.
სათადარიგოთა სკამებზე, მწვრთნელები და ფეხბურთელები დაიცავენ სოციალურ დისტანციას. მწვრთნელების ტექნიკურ ზონას (სადაც ისინი დადიან) შეამცირებენ.
მწვრთნელის უკან იქნება დაგრძელებული სათადარიგოთა სკამი, სადაც მოთამაშეები და პერსონალი ადგილგამოტოვებით იჯდება. სათადარიგოთა სკამმა შეიძლება ტრიბუნაზეც გადაინაცვლოს.
ცხადია, მატჩის შემდეგ მაისურების გაცვლა აიკრძალება.
გუნდებმა მოედანი თავ-თავიანთი გვირაბით უნდა დატოვონ და მათი ავტობუსები სტადიონის ტერიტორიიდან გავიდნენ სხვადასხვა დროს.
ფეხბურთელები საშხაპეში უნდა შევიდნენ პატარა ჯგუფებად. მათ შორის მანძილი უნდა იყოს ორი მეტრი. სასურველია, საშხააპეში არსებობდეს კაბინები.
უმჯობესი იქნება თუკი ფეხბურთელები იბანავებენ სასტუმროში ან შინ.
და ვინაიდან, ჟურნალისტებისტებისთვის ღია იქნება მხოლოდ პრეს-ლოჟა, მატჩისშემდგომ ინტერვიუებს აიღებენ ვირტუალურად. პრეს-კონფერენციებში მონაწილეობას მიიღებს ცოტა ადამიანი.
რას იზამ, თუ ფეხბურთმა არსებობისათვის ეს ფასი უნდა გადაიხადოს, მაშინ ის გადასახდელია.
მარკ ირვინი
„სანი” 24 ააპრილი, 2020