ჯეიმი კარაგერმა ჯონ ტერისთან ლაპარაკში ფერნანდო ტორესის „ლივერპულიდან” „ჩელსიში” გადასვლის ამბავი გაიხსენა და თქვა, მაშინ, ჩვენ, ლივერპულელებმა, ძალიან კარგად ვიცოდით, რომ გატყუებდით, ტორესი 50 მილიონი ნამდვილად აღარ ღირდა და რომ მოტყუვდით, გაოცებისგან პირი დავაღეთო.
„ენფილდის” ლეგენდამ დასძინა, რომ 2011 წელს „ელ ნინო” უკვე თავისი თავის ჩრდილიღა იყო.
ფერნანდო ტორესი „ლივერპულში” „ატლეტიკოდან” 2007 წელს გადავიდა და მსოფლიოს საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო მეგოლის სახელი დაიგდო. სტატისტიკა ჯიუტია: პრემიერლიგაში ჩატარებულ პირველ 79 შეხვედრაში „ელ ნინიომ” 56 გოლი გაიტანა! მაგრამ, „ენფილდზე”, ბოლო სეზონში უცბად მოიშალა.
კარაგერი: „ვერ ვიჯერებდი, რომ „ჩელსი” მას ყიდულობდა. თან 50 მილიონ გირვანქად. ვხვდებოდი, რომ ჩვენ „ლურჯებს” ვატყუებდით. ბოლო 12 თვის განმავლობაში ის ხომ საკუთარი თავის ჩრდილიღა იყო.
„ლივერპულში” რომ გადმოვიდა, პირველი 18 თვის განმავლობაში ტორესი მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი გახლდათ. თან, „ჩელსის” წინააღმდეგ ისე კარგად თამაშობდა, რომ ვგონებ, მისი მეპატრონის გონებაში წარუშლელი კვალი დატოვა.
ვფიქრობ, ისევე, როგორც ანდრეი შევჩენკოს შემთხვევაში, „ჩელსის” მეპატრონე მის წარმოდგენაში არსებულ, სასურველ ფეხბურთელს ყიდულობდა.
მაშინ, ძალიან გაგვიმართლა. იმ სეზონში კარგ ფორმაში არ ვიყავით, მაგრამ „ჩელსისთან” რომ ვითამაშეთ, ტორესმა ორი გოლი გაიტანა.
ვფიქრობ, „სტემფორდ ბრიჯზე” მისი ყიდვის გადაწყვეტილებაც სწორედ მაშინ მიიღეს. გადაწყვიტეს, მოვიდოდა თუ არა ინავარი, ტორესის საყიდლად მტკიცე ნაბიჯები გადაედგათ.
იმხანად, 50 მილიონი გირვანქა დიდი ფული იყო და როდესაც შევიტყვეთ, რომ ლონდონელები ამ თანხას იხდიდნენ, გაოცებისგან პირი დავაღეთ.
ერთი ასეთი შეცდომა ჩვენც მოგვივიდა, როდესაც ენდი ქეროლში 35 მილიონი გადავიხადეთ, მაგრამ მაშინ, იმ ოპერაციიდან, ლუის სუარესი დაგვრჩა.
მოკლედ, როდესაც ტორესს „ჩელსიში” საქმე ცუდად წაუვიდა, პირადად მე სულაც არ გამკვირვებია”.
ტორესის ტრანსფერი ტერიმაც გაიხსენა. მან თქვა, რომ შეცდა, რადგან ფიქრობდა, რომ ესპანელის ყიდვის შემდეგ მისი გუნდი პრემიერლიგაში დომინანტი გახდებოდა. სამწუხაროდ, ესპანელმა „ლურჯების” მაისურით 110 შეხვედრაში მხოლოდ 20 გოლი გაიტანა.
ტერი: „ის გახლდათ ფეხბურთელი, რომლის წინააღმდეგ თამაშს ვერ ვიტანდი. სულ ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ ახლა გოლს გაგიტანდა.
ტორესი იყო ერთადერთი, რომლის ამბავსაც რომანი (აბრამოვიჩი) წარამარა კითხულობდა.
იოსი ბენაიუნი კი აბრამოვიჩთან დაახლოებული ადამიანი გახლდათ და ერთხელ, გვითხრა: ბიჭებო, გადაწყდა! ფერნანდო ჩვენთან მოდის!
ჩვენ გავიკვირვეთ. ვერ ვიჯერებდით.
გვეგონა, რომ ტორესით გაძლიერებულები პრემიერლიგასა და ევროპაში შემდეგი ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში ვიბატონებდით”.