„მარკას” რუბრიკიდან „ამბავი, რომელიც არ მოგვიყოლია” რამდენიმე ისტორია უკვე გაგაცანით. კორონავირუსის პანდემიის გამო შინ გამოკეტილ ხალხს მადრიდული გაზეთი საინტერესო ამბებით ახალისებს, რომელთა მოყოლაც თავის დროზე ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლო ან უბრალოდ თავი აარიდა.
დღეს გვინდა სესკ ფაბრეგასის „არსენალიდან” „ბარსელონაში” გადასვლა გავიხსენოთ.
შესავალში გაზეთი წერს, რომ „ბარსელონას” ხშირად აბრალებენ, თითქოს ცნობილ(!) ფეხბურთელებთან, რომლებიც კატალონიურმა კლუბმა სადაცაა უნდა შეიძინოს, ერთსა და იმავე ხრიკს მიმართავს — ეუბნება, თუ გინდა ჩვენთან (იგულისხმება ყველა ვარსკვლავისთვის საოცნებო გუნდში) აგიყვანოთ, დიდ ხელფასზე, რომელსაც წინა კლუბში დაეჩვიე უარი უნდა თქვა და ჩვენს შედარებით მოკრძალებულ წინადადებას დათანხმდეო.
მაგალითად, ყვებიან, რომ 2019 წელს, როდესაც ნეიმარის „პარი სენ ჟერმენიდან” დაბრუნებაზე იყო ლაპარაკი, ბრაზილიელი პარიზული ხელფასის გვარიან შემცირებაზეც დაითანხმეს და მისი გამოსასყიდი ფულის დიდი ნაწილი ლამის საკუთრივ „ბარსას” ფეხბურთელებს დაადებინესო.
მაშინ, მოგეხსენებათ, ნეიმარის ტრანსფერი ჩაიშალა.
კიდევ, დადიოდა ხმები, რომ ხელფასის დაკლებაზე თანხმობა ათქმევინეს ანტუან გრიზმანსა და ფილიპე კოუტინიუსაც.
თუმცა, პირველი, ვისაც გასამრჯელოს დაკლება მოსთხოვეს, თურმე სესკ ფაბრეგასი ყოფილა. ფაბრეგასი, მოგეხსენებათ კატალონიელია, „ბარსელონას” ვარსკვლავთა სამჭედლოში, „ლა მასიაში” არის გაზრდილი, ოღონდ ბედმა ისე ინება, რომ 15 წლისა ლონდონში გადაბარგდა და მას მერე (მიუხედავად იმისა, რომ ინგლისის დედაქალაქში, არსენ ვენგერთან თავს საუცხოოდ გრძნობდა) მშობლიურ ქალაქში დაბრუნებაზე ოცნებობდა. ასე რომ, „ბარსელონას” დირექტორატს მასთან ნოსტალგიაზეც შეეძლო თამაში.
ფაბრეგასის „ბარსელონაში” გადაბირებას მაინც დრო და ძალისხმევა დასჭირდა. ვენგერი შვილობილს იოლად ვერ ერეოდა.
ისტორიას შემორჩა კატალონიელთა ერთი ოინიც: 2010 წელს, როდესაც ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, მოზეიმე ფაბრეგასს „ბარსას” ფორმა ჩააცვეს და სურათი გადაუღეს, მაგრამ ტრანსფერი 2011 წლამდე ვერ მოკვარახჭინდა.
2011-ში კი ყველაფერი დალაგდა, ოღონდ… როგორც დაიწერა, ბავშვობის კლუბში დასაბრუნებლად სესკ ფაბრეგასი ლონდონურ ხელფასთან შედარებით წელიწადში 3 მილიონი ევროს დაკლებას დაყაბულდა.
თუმცა, თურმე მთლად ასეც არ ყოფილა საქმე… არც ისეთი მარტივი კაცი აღმოჩნდა ფაბრეგასი — დღეს უკვე „მონაკოს” ფეხბურთელი. ის 3 მილიონის დაკლებას და ამბის გასაჯაროებას კი დათანხმდა, მაგრამ… იმ პირობით, რომ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ამ ფულს დაუბრუნებდნენ.
თურმე, ასესხა…