მესუთ იოზილმა ხელფასის 12,5 პროცენტით შემცირებაზე უარი განაცხადა. 31 წლის ნახევარმცველს „არსენალში” ყველაზე მაღალი ანაზღაურება აქვს, ის კვირაში 300 000 გირვანქას იღებს.

იოზილს სურს ჯერ დაინახოს, ფინანსურად როგორ დააზარალა კორონავირუსმა პრემიერლიგის კლუბები და ფული მხოლოდ ამის მერე დადოს. განუცხადებია, ხელფასი შეიძლება მოვიკლო, ოღონდ ყველაფერი რომ დამთავრდება მერეო და იქვე უთქვამს, რომ თანაგუნდელების განსხვავებულ გადაწყვეტილებას პატივს სცემს.

იოზილის აგენტმა, დოქტორმა ერკუტ სოგუთმაც ხმამაღლა თქვა ფეხბურთელებს covid 19-თან საბრძოლველი ფულის დადებას არ ვურჩევო.

სოგუთი: „მე დღეს ფულის დადებას არავის ვურჩევდი, რადგან არ ვიცით ხვალ ჩემპიონატი განახლდება თუ არა. უცნობია, მიიღებენ თუ არა კლუბები სატელევიზიო და სპონსორულ თანხებს. მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ გამოჩნდება, ფინანსურად რა გავლენას მოახდენს პანდემია მათზე. ჯერჯერობით კი ამის დანახვა შეუძლებელია.

ხელფასების მოკლება, რასაკვირველია, ერთ-ერთი გამოსავალია, მაგრამ მასზე თანხმობის თქმა, როდესაც სრულიად შესაძლებელია, პანდემიის მიუხედავად, კლუბებმა ისეთივე ხეირი ნახონ, შარშან რომ ნახეს, შეცდომად მიმაჩნია.

არ არის სწორი, როდესაც ხელისუფლება მოთამაშეებს კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში წვლილის შეტანისკენ მოუწოდებს, ხოლო თვითონ ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლებსაც ვერ იცავს.

ადვილია ითამაშო ხალხის გრძნობებზე და იძახო, რომ ხარბი ფეხბურთელები პენის გაღებასაც არ აპირებენ, არადა, სინამდვილეში ბევრი მათგანი დიდ საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა”.