დღეს საღიმილო ისტორიების რუბრიკაში ყველაზე უფრო უცნაური, ხანდახან კი სულელური დისკვალიფიკაციების შემთხვევებს გავიხსენებთ

სიკეთისთვის დაისაჯა

გერმანელი ბობსლეიტის მანუელ მახატუს სახელმა 2014 წელს მსოფლიო სპორტული მედიის ფურცლები მოიარა. სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე მახატუმ საკვალიფიკაციო ბარიერი ვერ დაძლია და მისი „ბობის“ ახალთახალი ციგურები რუს ალექსანდრ ზუბკოვს ათხოვა. ზუბკოვმა ორადგილიანი და ოთხადგილიანი „ბობებით“ შეჯიბრებაში ორი ოქრო მოიპოვა, გერმანიის ბობსლეისტთა ფედერაციამ კი ამ „ქველმოქმედებისთვის“ დისკვალიფიკაციით და 5000 ევროთი დააჯარიმა. მახატუმ სასამართლოს მიმართა, პროცესი მოიგო და დღეს ბობსლეისტთა კავშირში ახალგაზრდა სპორტსმენების მომზადებას კურირებს.

 

მძლეოსნური სტრიპტიზი

მაჰიდინ მეჰისსი ბენაბბადი მძლეოსნობის სამყაროში ცნობილი კაცია. საშუალო დისტანციებზე მორბენალმა ფრანგმა სპორტსმენმა ორი ოლიმპიადის გარდა მსოფლიოსა და ევროპის რამდენიმე გზის პრიზიორობა შეძლო, მაგრამ ოქროს მედლამდე ყოველთვის მცირედი აკლდებოდა. და აი, ევროპის 2014 წლის ჩემპიონატზე 3000 მეტრიანი დისტანცია დიდი უპირატესობით მოიგო. ბედნიერმა ჩემპიონმა ფინიშზევე გაიხადა მაისური და კბილებით დაიჭირა, შიშველი ტორსით კი ტრიბუნების წინ პოზიორობა დაიწყო. ვერ გეტყვით, რამდენად მოეწონათ ქომაგებს სტრიპტიზი, მაგრამ ორგანიზატორები ისე აღაშფოთა… მაჰიდინს ოქროს მედალი ჩამოართვეს.