სამუელ უმტიტი შეთავაზებებს არ უსმენს. ფრანგ მცველს „ბარსელონას” დატოვება არ უნდა. მას სურს კვლავ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდეს და იმედიანადაა — ახალმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა დაამშვიდა, ჩემს ხელში ეს სრულიად შესაძლებელიაო.
მართლაც, სეტიენისთვის ის მესამე ცენტრალური მცველი არ არის. ის უკვე კლემენტ ლენგლეს რეალური კონკურენტია, ძირითად შემადგენლობაში ჟერარდ პიკეს გვერდით რომ დაიკავოს ადგილი.
უმტიტი ქალაქსაც კარგად მოერგო და გუნდსაც. თან, „ბლაუგრანას” რიგებში მისი რამდენიმე თანამემამულეც თამაშობს: ზემოხსეენებული ლენგლე, ანტუან გრიზმანი, ოსმან დემბელე. ასე რომ, ხმის გამცემიც ჰყავს.
რამდენიმე თვის წინ უმტიტის შეძენა „მანჩესტერ იუნაიტედს” უნდოდა, მაგრამ ფრანგმა არ ქნა. თან, ინგლისელები მისმა ნატკენმა მუხლმა დააფრთხო. ამას დაამატეთ ისიც, რომ „ბარსელონა” მცველის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვდა…
თუმცა, ეს ყველაფერი კორონავირუსამდე იყო. ახლა, უმტიტის მთხოვნელების რიგი სავარაუდოდ დაიშლება.
უმტიტის „ბარსელონასთან” 2023 წლამდე აქვს ხელშეკრულება. მან იცის, რომ სეტიენის დაპირებების მიუხედავად, როგორც კი სატრანსფერო ბაზარი გაიხსნება, კლუბი კიდევ ერთი ცენტრალური მცველის ყიდვას შეეცდება, მაგრამ კონკურენციას, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, არ უშინდება.