ქვეყანაში კრიზისი მობრძანებულა და ყველაფერი გაუძვირებია – პაპიროსიც და ბენზინიც.

ფეხბურთის მოყვარე ხალხისთვის, ალბათ, უკეთესი იქნებოდა, რომ კარაქის ფასი ძველებურ ნიშანზე დარჩენილიყო და თუ გაძვირებაა, ქართული ფეხბურთი გაძვირებულიყო საერთაშორისო სატრანსფერო ბაზარზე.

მართლაც კარგი და სასიხარულო გაძვირება იქნებოდა.

აბა, სად გაგონილა ბურთი, ბუცი და მაისური გაძვირდეს, ფეხბურთელი კი არა? ეს უსინდისობაა და არასწორია.

რა დასამალია და აქამდე სულ მეგონა, რომ ჩვენი ქვეყნის დუხჭირი და მძიმე სურათის საუკეთესო და ნაღდი გამომხატველი ჩვენი ფეხურთი იყო. როგორც ფეხბურთი იყო წამხდარი და მორღვეული, ასე უნდა ყოფილიყო ლარიც.

Top 10 Books & Stories by Albert Camus - Toptenz.netდიდი ფრანგი ალბერ კამიუ (ფეხბურთის მხოლოდ მოყვარული და მეტი არაფერი) ამბობდა, უთვალავ რამეს, რაც ადამიანის ზნეობის, ხასიათის და ქცევის შესახებ ვიცი, ფეხბურთს უნდა ვუმადლოდეო. ეს არის საუცხოო და ძალიან ზუსტი ნათქვამი, რადგან ფეხბურთი თამაში კია, მაგრამ მოედანზე ნამდვილი ცხოვრებაა გადაფენილი.

საერთოდ, ცხოვრება და ფეხბურთი მხარდამხარ მიდიან. ამიტომ სულ მიკვირდა, რატომ არის, რომ ლარს ასეთი კარგი ფასი აქვს, ფეხბურთს კი არა-მეთქი. ეს უცნაურობა ჩვენი უცნაური ქვეყნის პირადი უცნაურობის ბრალი თუ იყო. მაგრამ ეს მოულოდნელობა გასწორდა. ყველაფერი გაძვირდა, ფეხბურთი კი – ჯერჯერობით ვერა. ახლა ხუმრობა დავამთავროთ, მით უმეტეს, რომ ზემოთ ნაწერი სულაც არ არის ერთგვარი კრიტიკული მიმართვა ქვეყნის ფინანსისტების, ან ჩვენი ფეხბურთის ახალი მამებისადმი, რომლებიც ჯერ კაბინეტებშიც არ მოშინაურებულან ხეირიანად.

უბრალოდ, ეს ის არის, რაც მოაფიქრდება ასეთ დროს არცთუ დალაგებულ კაცს, რომელსაც დიახაც უხარია ტელევიზორში შორეული სტადიონებიდან გადმოცემული ფეხბურთის ცქერა, მაგრამ ოცნებობს, რომ ამ ფეხბურთს მიმსგავსებული თამაში თავის სტადიონზე იხილოს.

კრიტიკას კარგა ხანია არა აქვს აზრი, რადგან ჩვენს გაძვირებულ, ისე კი უაღრესად იაფ სამყაროში ყველაფერი იმგვარადაა გადახლართული, რომ სტადიონზე სავარძლის დადგმაც კი ერთი გვარიანი პრობლემაა.

აი, დაიდგა სავარძლები ჩვენს სტადიონზე. მშვენიერი, ლამაზი სავარძლებია. გულშემატკივრებსაც მოსწონთ, ზედ ხელებსაც უტყაპუნებენ და მხარდამჭერი ტაშიც სულ სხვაგვარად ისმის, მაგრამ, აბა, უყურეთ: სტადიონზე ისედაც ვიწრო გასასვლელები იყო, სავარძლების დადგმის შემდეგ კი კიდევ უფრო დავიწროვდა. საბჭოთა სტადიონები სავარძლებისთვის არ შენდებოდა. ის “სკამეიკის” სტადიონი იყო. ახლა რა ვქნათ. სტადიონს რიგებს შორის მანძილის გაზრდის გამო ხომ არ დავანგრევთ? ასე რომ, სულ პრობლემებია, ძველი თავს არ გვანებებს და ახალიც ვერ არის ჯანზე.

ამიტომაც ვამბობ, რომ ფეხბურთი არა და არ გამოდის მხოლოდ დღევანდელი რამ თამაშობა. ფეხბურთი პროცესია, გრძელი და უსასრულო. არა, უყურეთ, ვინც არ უნდა თამაშობდეს მილანის „ინტერნაციონალეში“, გუნდი მაინც ისე ირჯება, როგორი მანერაც ათწლეულების განმავლობაში ჩამუყალიბდა.

დღეს არაფერი იწყება. ყველაფერი ძალიან დიდი ხნის წინათ დაიწყო. საქმეც ისაა, როგორ გააგრძელებ. ჩვენი ფეხბურთის პრობლემა გაგრძელების პრობლემაა. ძველ სტადიონზე ახალი სავარძლები, უკვე გაგრძელებაა. მოუხერხებელი, მაგრამ მაინც გაგრძელება. მინდორზეც ასეც რომ იყოს…

საწყენია, ღმერთმანი, კარაქი გაძვირდა და ფეხბურთი აღარ უნდა გაძვირდეს?

05.12.1998

წილი
წინა სტატიაჩელსის გადაწყვეტილება
შემდეგი სტატიაგვარდიოლამ კი გააბრაზა
გიო ახვლედიანი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.