პრემიერლიგის ცხრა კლუბი, რომელთა სახელებიც არ სახელდება, ჩემპიონატის ისეთ ვადებში განახლებას მოითხოვს, რომ დარჩენილი 9 ტური 30 ივნისამდე მოესწროს. მათივე აზრით, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემპიონატი დასრულებულად გამოცხადდეს.
რატომ მაინც და მაინც 30 ივნისი? მოგეხსენებათ, თითქმის ყველა კლუბი ფეხბურთელებთან კონტრაქტებს ამა თუ იმ წლის 30 ივნისამდე აფორმებს. წლეულს უამრავ ვარსკვლავს ან წამყვან ფეხბურთელს სწორედ ამ დღეს უმთავრდება კონტრაქტი, კლუბებს კი არ სურთ, ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩების მათ გარეშე გამართონ.
პრობლემის მასშტაბი რომ წარმოიდგინოთ, გეტყვით: მხოლოდ ევროპის ტოპ-5 ლიგაში 500-მდე ფეხბურთელი მიიღებს თავისუფალი აგენტის სტატუსს. ამას დაუმატეთ კატეგორია, ვისაც იმავე დღეს საიჯარო ვადა უმთავრდება. უეფამ კლუბებს გამოსავლად კონტრაქტამოწურულ ფეხბურთელებთან მოკლევადიანი ხელშეკრულებების გაფორმება შესთავაზა. ამაზე უკვე ფეხბურთელები არ წავლენ – ტრავმის შემთხვევაში მათი სპორტული და ფინანსური მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, თეორიული გამოსავალი არსებობს ბრიტანეთში, სადაც მოქმედებს ე.წ. „განზრახვის გარიგების“ წესი. ანუ: კლუბმა სასამართლო წესით უნდა ამტკიცოს, რომ 30 ივნისი სიმბოლური თარიღია, რომლის მიღმაც რეალურად საფეხბურთო სეზონის დასრულება იგულისხმება. ანუ, რეალურად ფეხბურთელთა კონტრაქტები 30 ივნისს კი არა, ბოლო ტურის მატჩში საფინალო სასტვენისთანავე იწურება. ეს გზა იმდენად გრძელვადიანი და ხარჯიანია, ჯერ მის არჩევაზე სიტყვაც არ თქმულა.
ცხრა კლუბმა თარიღი დათქვა. ახლა ამ საკითხზე ლიგის ყველა კლუბის წარმომადგენელთა ვიდეოკონფერენციაზე იმსჯელებენ. განხილვა 17 აპრილს შედგება. რაც შეეხება პროგნოზებს ზოგადად სატრანსფერო ბაზრის მომავლის შესახებ, მეტისმეტად ვრცელი და საინტერესო თემაა, რომელსაც არაერთხელ დავუბრუნდებით