კოლუმბიელი ვეტერანი ფაუსტინო ასპრილია ის კაცია, რომელსაც „ნიუკასლ იუნაიტედის” კარგი დროება ახსოვს. მან „სენტ ჯემს პარკზე” სამი სეზონი გაატარა და იცის, რომ ამ გუნდისთვის მაყურებელთან ერთობა ბევრ რამეს ნიშნავს.
დღეს, როდესაც ძველი მეპატრონე მაიკ ეშლი „კაჭკაჭებს” ყიდის და კლუბს საუდის არაბეთთან დაკავშირებული ახალი ბიზნეს-ჯგუფი ყიდულობს, ტინომ ხმა ამოიღო და ძუნწ კაცად ცნობილი ეშლი გააკრიტიკა. ის კმაყოფილია, რომ მის ყოფილ გუნდს ამიერიდან ხარბი ბიზნესმენის ნაცვლად ახალი ხალხი მიხედავს.
ასპრილია: „მაიკ ეშლი? ის „ნიუკასლ იუნაიტედისთვის” სულ ცუდ გადაწყვეტილებებს იღებდა. ეშლი პირველივე დღიდან მხოლოდ თავის მოგებაზე ზრუნავდა, გუნდსა და ქალაქზე კი საერთოდ არ უფიქრია.
დაბეჯითებით ვიცი, რომ მისი მმართველობის 13 წლის განმავლობაში გულშემატკივარი გაწამდა, რადგან მეპატრონე გუნდს მხოლოდ ფეხბურთელების გასაყიდად და ფულის მოსაგებად იყენებდა. მან ბლომად მოიხვეჭა, ჩადებით კი არაფერი ჩაუდევს. მას არც კი უცდია, რომ ინგლისის ჩემპიონობისთვის ებრძოლა ან საერთაშორისო დონის გუნდი შეექმნა.
მინდა, რომ ჩვენი გუნდი „მანჩესტერ სიტის” დაემსგავსოს; ისეთივე მდიდარი იყოს, როგორც „პარი სენ ჟერმენია”. იმედი მაქვს, რომ ამიერიდან ძლიერ ფეხბურთელებს ვიყიდით და ვიბრძოლებთ როგორც პრემიერლიგის ტიტულისთვის, ასევე ევროთასებისთვის.
იმედი მაქვს, რომ საუდელთა ფულით ჩვენ შევქმნით ისეთივე გუნდს, 1996-97 წლებში რომ გვქონდა, როდესაც მიზნად პრემიერლიგის ტიტულის მოგება გვქონდა დასახული.
„ნიუკასლ იუნაიტედი” მეტს იმსახურებს. ჩვენ ხომ ისეთი მწვრთნელები გვყავდა, როგორებიც იყვნენ კევინ კიგანი და ბობი რობსონი, თამაშით კი ამ გუნდში ალან შირერისა და ლეს ფერდინანდის დონის ფეხბურთელები თამაშობდნენ”.