მაიკლ ეშლი სადაცაა დამაგვირგვინებელ საბუთს ხელს მოაწერს. ის აპირებს „ნიუკასლ იუნაიტედი” 300 მილიონ გირვანქად მიჰყიდოს ჯგუფს, რომელსაც ქალბატონი ამანდა სტეივლი ხელმძღვანელობს.

სხვადასხვა წყაროები ადასტურებენ, რომ ეშლის თავიდან 340 მილიონი უნდოდა, მაგრამ 40 მილიონი დააკლო. ქაღალდების გაფორმების პროცესი უკვე ბოლოსკენ ყოფილა გასული.

ჯგუფს, რომელსაც მისის სტეივლი უდგას სათავეში, თურმე, ზურგს არც მეტი არც ნაკლები საუდის არაბეთის კრონ პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი და მისი კონსორციუმი უმაგრებს.

ამბობენ, რომ ეშლის ისე უნდა „კაჭკაჭების” გაყიდვა, მზადაა სტეივლის თავადვე ასესხოს ფული, რათა მან თავისი ათპროცენტიანი წილი დააფინანსოს.

მაინც რა ეტაპზეა „ნიუკასლის” გაყიდვის საქმე? ჯერჯერობით, პრემიერლიგის მიერ დაქირავებული სპეციალისტები ქალბატონ სტეივლს და მისი ჯგუფის დირექტორებს ამოწმებენ. დასაზუსტებელია, ვინ არის ის ხალხი, ვინც მათი ლიგის კლუბს ყიდულობს. ამიტომ, პროცესს, ამ ეტაპზე, ერთადერთი, ეს შემოწმება აბრკოლებს.

რაა დასამალი, რომ ინგლისელებს მათ „ტერიტორიაზე” საუდის არაბეთის სახელმწიფო, საჯარო საინვესტიციო ფონდის გამოჩენა აშფოთებთ, მაგრამ, როგორც ჩანს, თუ ბოლოწამს რამე არ შეიცვალა, ნიუკასლელ გულშემატკივარს მალე დაუდგება 13 წლის ნანატრი დღე, როდესაც მაიკ ეშლი მათ საყვარელ გუნდს დატოვებს.

და მაინც, ვინ არის ქალბატონი ამანდა სტეივლი? ის გახლავთ ინგლისის ქალაქ რიპონში დაბადებული 47 წლის ბისზნესვუმენი, რომელმაც 2017 წელს, 2-17 ნოემბრის შუალედში სამჯერ მიმართა ეშლის „ნიუკასლ იუნაიტედის” მიყიდვის წინადადებით.

სტეივლი აბუ დაბის შეიხ მანსურის მიერ „მანჩესტერ სიტის” შეძენის საქმეშიც ყოფილა ჩარეული. ბროკერობდაო. მის საბანკო დავებსა და მილიარდების ამბებს კი ამ მოკლე საინფორმაციო ცნობაში უბრალოდ ვერ ჩავტევთ.