ზინედინ ზიდანი ამ ზაფხულს სადიო მანეს ყიდვას შეეცდება. და „ლივერპულის” საპასუხო გეგმა არ მოგწონთ? მაშინ, მერსისაიდელები „პარი სენ ჟერმენიდან” კილიან მბაპეს გადაბირებაზე იმუშავებენ.
ცნობილია, რომ „რეალის” თავკაცი 28 წლის სენეგალელის დიდი თაყვანისმცემელია, რაც „ენფილდზე” იციან და მის სარფიან წინადადებას ელიან.
მანემ „ლივერპულთან” ბოლო კონტრაქტი წელიწადნახევრის წინ გააფორმა. ამ ხელშეკრულების თანახმად, ის „ლივერპულში” 2023 წლამდე უნდა დარჩეს და კვირაში 150 000 გირვანქა მიიღოს, მაგრამ „სანმა” ექსკლუზიურად გამოჩხრიკა, რომ მის წარმომადგენლებს ესპანეთის დედაქალაქიდან არაფორმალურად უკვე დაუკავშირდნენ.
როგორია თავად ფეხბურთელის განწყობა? ამბობენ, რომ ის „ლივერპულს” წნეხს (ხელფასი მომიმატე, თორემ წავალ) არ უწყობს და ინგლისური კლუბის ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ ზიდანი წლეულსაც ისევე დაანებებს მათ თავს, როგორც შარშან მო სალაჰთან დაკავშირებით დაანება.
მაგრამ, თუკი „რეალი” მანეს დარწმუნებას და ყიდვას მაინც მოახერხებს, მაშინ „ლივერპული” „პარი სენ ჟერმენიდან” კილიან მბაპეს შეძენას შეეცდება.
მბაპე მხოლოდ 21 წლისაა და სენეგალელზე უფრო ძვირი ღირს. მერსისაიდელები ფიქრობენ, რომ მანეში „რეალს” 150 მილიონ გირვანქას გამოართმევენ, შემდეგ ამ თანხას 100 მილიონს დაამატებენ და პარიზელებთან მსოფლიოს ჩემპიონის საყიდლად ისე მივლენ.
აღსანიშნავია, რომ შარშან, „ლივერპულის” თავკაცმა იურგენ კლოპმა თქვა, მბაპეს შეძენის შანსი არ გვაქვსო, თუმცა ეს მანამდე მოხდა, ვიდრე მერსისაიდელები სპორტული აღჭურვილობის ახალ სპონსორს, „ნაიკს” დაუდებდნენ ხელშეკრულებას. ახლა, „წითლები” ამერიკული გიგანტისგან წელიწადში 100 მილიონს ელიან.
თებერვალში „ლივერპულმა” გამოაცხადა, რომ მიაღწია სარეკორდო ბრუნვას, 533 მილიონ გირვანქას, ხოლო მოგება 42 მილიონს გაუტოლდა.
და თუ ინგლისური კლუბი მბაპესთვის ხელფასად კვირაში 400 000 ფუნტსაც გამოძებნის, მაშინ მის შესაძენად ნაბიჯების გადადგმა ნამდვილად შეიძლება.
არ არის გამორიცხული, „ენფილდზე” ხელფასების გადახდა ნაწილობრივ „ნაიკმაც” იკისროს.