პრემიერლიგა სერია A-ს გეგმას სწავლობს და დიდი შანსია ინგლისშიც იგივე გაიმეოროს, რასაც იტალიაში აპირებენ: 2020 წელს ყველა საფეხბურთო მატჩის გამართვას მაყურებლის გარეშე ფიქრობენ.

COVID 19-ის პანდემიამ იტალია მეტისმეტად დააზარალა. ქვეყანაში 9 მარტიდან საგანგებო მდგომარეობაა, რომელიც სულ მცირე 3 მაისამდე გაგრძელდება. ინგლისურმა „დეილი მირორმა” კი გაასაჯაროვა იტალიის ხელისუფლებიდან გამოჟონილი ინფორმაცია, რომ  2021 წლამდე საფეხბურთო მატჩებს მაყურებელი ვერ დაესწრება.

იტალიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი გაბრიელე გრავინა: „როგორც კი პირობები შესაძლებლობას მოგვცემს, ჩვენ შეწყვეტილ სეზონს გავაგრძელებთ. მანამდე, ცხადია მოვიწვევთ კრებას, სადაც რეგლამენტს განვსაზღვრავთ.

იმედი მაქვს, რომ მაისის დასაწყისში, უპირველეს ყოვლისა, ფეხბურთელებს ტესტირებას ჩავუტარებთ და გავარკვევთ არიან თუ არა ისინი დასნებოვნებულები. ამის მიხედვით გადაწყდება აღდგება თუ არა კლუბებში ვარჯიშები.

ვითამაშებთ თუ არა ზაფხულში? ამ კითხვაზე ჯერ დაბეჯითებით ვერ გიპასუხებთ, მაგრამ გვსურს ჩემპიონატი ბოლომდე მივიყვანოთ”.